საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკოინის, USDT-ის გამომშვები კომპანიის, Tether-ის დირექტორად პაოლო არდოინო დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე კომპანიაში ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ჯერ კიდევ 2017 წლიდან. დირექტორის თანამდებობაზე არდოინომ ჟან-ლუი ვან დერ ველდე შეცვალა, რომელიც Tether-ის მრჩევლად დაინიშნა, მაგრამ ამავდროულად რჩება კრიპტობირჟა Bitfinex-ის დირექტორად.
როგორც კომპანიაში ამბობენ, დირექტორის ცვლილება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.
“მსოფლიოს წამყვანი სტეიბლკოინის გამომშვები კომპანიის, Tether-ის ტექნოლოგიური დირექტორის თანამდებობა პაოლო არდოინომ 2017 წელს დაიკავა, რის შემდეგაც მან ინოვაციისა და ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობები გამოავლინა. პაოლო არდოინოს ერთ-ერთი მიღწევა კომპანიის განვითარების სტრატეგიის თანაავტორობა იყო, რომლითაც Tether-ის საბაზრო მდგომარეობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო კომპანიამ $83-მილიარდიან კაპიტალიზაციას მიაღწია. ამ პროცესის დამსახურებით, Tether-ი გლობალური კრიპტოეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა”, - ვკითხულობთ Tether-ის მიერ BMG-სთვის გაგზავნილ განცხადებაში.
Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, სახელწოდებით USDT, ამ ტიპის ყველაზე პოპულარული ვალუტაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 84 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ მაჩვენებლით, USDT რიგით მესამე კრიპტოვალუტაა მსოფლიოში - მას მხოლოდ ბიტკოინი და ეთერი უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ Tether-ი ირიბად საქართველოშიც არის წარმოდგენილი. რამდენიმე თვის წინ, Tether-მა ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპში, CityPay.io-ში განახორციელა ინვესტიცია. როგორც იმ დროს პაოლო არდოინომ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნული საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში CityPay.io 15 მილიონ დოლარად შეფასდა.