მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tether-ისგან მოზიდული $10 მილიონით CitiPay.io უზბეკეთში, ყაზახეთსა და აზიაში გაფართოვდება - ბექა ქემერტელიძე

ბექა ქემერტელიძე

ცოტა ხნის წინ, კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა სტარტაპმა, CityPay.io-მ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო რაუნდი დახურა და მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკოინის, USDT-ის გამომშვები Tether-ისგან $10 მილიონი მოიზიდა. როგორც CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა, ბექა ქემერტელიძემ BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემა TECH INFORM-ში განაცხადა, ამ ინვესტიციას ქართული კომპანია რეგიონული ექსპანსიისთვის გამოიყენებს და პირველ ეტაპზე უზბეკეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში დაიწყებს ოპერირებას.

“როგორც იცით, გასულ წელს Tether-ისგან გაცილებით მცირე ინვესტიცია მოვიზიდეთ, რომელმაც მოგვცა საშუალება დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი ხედვა და მისი აღსრულების სტრატეგია Tether-ის მიმართულებას ემთხვევა. ჩვენი იდეებისა და იდეოლოგიების თანხვედრამ მიგვიყვანა იქამდე, რომ Tether-თან ერთად რეგიონის მასშტაბით ვიზრდებით, მათ შორის უზბეკეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. ახლა თურქეთშიც ვართ მეტ-ნაკლებად წარმოდგენილები, მაგრამ სამომავლოდ, ამ ქვეყანაში უფრო მეტი აქტივობას ვგეგმავთ. ამ ინვესტიციის ფარგლებში, CIS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების ათვისებას ვგეგმავთ. ძალიან მალე, უზბეკეთში 300,000 მერჩანტი ჩაერთვება ჩვენს ქსელში და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის და Tether-ისთვის ეს ძალიან საინტერესო ნაბიჯი იქნება.

ყაზახეთი და აზერბაიჯანიც, როგორც გითხარით, ჩვენთვის საინტერესო ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებიან. ეს ქვეყნები განვითარების იმ ეტაპზე იმყოფებიან, რომ იქ შესვლა ჩვენთვის საინტერესოა. ევროპის ბაზარზე შესასვლელად გარკვეული ბარიერების გადალახვა არის საჭირო, რასაც დიდი დრო და რესურსები სჭირდება. ამ ბაზრებზე შესვლა უფრო სწრაფად და მარტივად შეიძლება. გარდა ამისა, ინფორმაცია დასავლეთიდან მოდის, ჩვენთან გამოიარა და ახლა, ამ ქვეყნებში მიდის, შესაბამისად ჩვენ, ერთგვარი კარიბჭე ვართ ამ ინფორმაციისთვის, ანუ საქართველოში იდეების დატესტვა და წარმატების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში გატანა შეგვიძლია. თავად ბაზარიც ზრდადია და რეგიონის ქვეყნებთან სინერგიული ეფექტის მიღება შეგვიძლია, რადგან საგარეო ვაჭრობა, ისევე, როგორც ადამიანების მიმოსვლის მაჩვენებელი - იზრდება”, - განაცხადა CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა, ბექა ქემერტელიძემ TECH INFORM-ში.

ქართულ კრიპტოსტარტაპში ინვესტირების თემაზე, სხვათა შორის, BMG-სთან Tether-ის გენერალურმა დირექტორმა და კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, პაოლო არდოინომ ისაუბრა. როგორც იტალიელი ანტრეპრენიორი ამბობს, CityPay.io ის კომპანიაა, რომელსაც რეგიონში გაფართოების სტრატეგიის აღსრულება შეუძლია.

“საქართველოში წყლის ტემპერატურის მოსინჯვა გასულ წელს დავიწყეთ, როცა CityPay.io-ში პირველი ინვესტიცია განვახორციელეთ. წლევანდელი ინვესტიცია უფრო მასშტაბურია, რადგან გვჯერა, რომ CityPay.io-ს შეუძლია, საქართველოდან მთელ დსთ-ს რეგიონში გაფართოვდეს და ციფრული გადახდების ყველაზე მნიშვნელოვან მიმწოდებლად იქცეს ამ რეგიონის ქვეყნებში. გაფართოებას, ცხადია, კაპიტალი სჭირდება, რადგან აქტივები უნდა შეიძინო და ადამიანები დაიქირავო. გვჯერა, რომ CityPay.io-ს დამფუძნებლები ჩვენს ხედვას იზიარებენ. ისინი საქმეს აღასრულებენ, მაგრამ თან თავმდაბლები და ჭკვიანები არიან და შეუძლიათ, რომ კომპანია მდგრადად გაზარდონ. ეს ოპერაციებზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პაოლო არდოინომ TECH INFORM-თან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები