საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი ტურისტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ტურისტების გადასარჩენად მაშველთა ჯგუფი ამ დროისთვის ადგილისკენ ფეხით მიემართება. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ამ დროისთვის ფეხით მიემართება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთნულდზე ჩარჩენილი 6 ტურისტი დახმარებას ითხოვს.