მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თეთრი სიის" გაუქმება სწორი არ იქნება, თუმცა გარკვეული დიფერენცირება მისაღებია - "ანაგი"

ანაგი

სახელმწიფო შესყიდვებში ე.წ თეთრის სიის გაუქმება პროექტების ხარჯებს გაზრდის, კომპანიების ნაწილმა კი შესაძლოა, ვეღარ შეძლოს სამშენებლო სამუშაოების შესრულება - ამის შესახებ კომპანია „ანაგში“ აცხადებენ.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა “თეთრ სიასთან” დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებები “საქმის კურსის” ეთერში შეაფასა.

ირაკლი გოგოლიშვილის განცხადებით, უნდა გამოინახოს შუალედური მოდელი, როდესაც კომპანიებისთვის შესაბამის სიაში მოხვედრის კრიტერიუმები გამკაცრდება, თუმცა მისი მთავარი პრეფერენცია, მათ შორის საბანკო გარანტიებთან მიმართებაში უნდა შენარჩუნდეს.

“თეთრი სიის საშუალებით კომპანიას ეძლევა საშუალება, რომ საბანკო გარანტიები, რასაც კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს, განახევრებული ფორმატით წარადგინოს. მაგალითად, სახელშეკრულებო ვადების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც 10%-ია სტანდარტულად, წარადგინოს 5%-ის ოდენობით. საავანსო გარანტია, რომელიც ხშირად პრაქტიკაში 20-30%-ია, ასევე განახევრებული ოდენობით წარადგინოს.

ამ პრაქტიკის გაუქმება ორ ძირითად პრობლემას იწვევს. ერთი ის, რომ სრულფასოვანი საბანკო გარანტიის წარდგენა გამოიწვევს ფინანსური დანახარჯების ზრდას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროექტების თვითღირებულების გაანგარიშების დროს ეს დანახარჯები საერთოდ არ არის გათვალისწინებული და საკმაოდ გაიზრდება ფინანსური ხარჯი. მეორე მხრივ, გარკვეული კომპანიებისთვის [პროექტების] შესრულების შესაძლებლობა შეიზღუდება. გარკვეულ საკრედიტო პორტფელს ფლობს ესა თუ ის კომპანია და თუ პორტფელის ძირითადი ნაწილი ერთ პროექტს მოხმარდება, რამდენადაც 100%-ით უნდა წარადგინოს გარანტიები, მათ მიერ [სხვა პროექტების] შესრულების შესაძლებლობას გარკვეულწილად შეამცირებს.

პირველი, რაც ალბათ ყველაზე მეტად ბიზნესს სურს, რომ მოხდეს გარკვეული დიფერენცირება და წესის განსაზღვრა ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. წესის განსაზღვრა თავის შინაარსით თუ უფრო გამკაცრებასთან იქნება მიმართული ან გარკვეულ ზღვრებს გააჩენს ასეთ შეღავათებთან დაკავშირებით, მხოლოდ მივესალმებით. ის ფაქტი, რომ ზოგადად არსებულ პრაქტიკა რაღაც გარკვეულ ნაკლოვანებებს შეიცავდა, ალბათ არის ასეც, თუმცა ერთი ხელის მოსმით “თეთრი სიის" გაუქმება ალბათ არ იქნება სწორი”, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.

ცნობისთვის, ინიციატივა, რომ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის “თეთრი სიით” მინიჭებული შეღავათების გაუქმებას გეგმავს, ბიზნესს გასული კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრაზე გააცნეს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, შესაბამისმა პრეფერენციებმა მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ მისი გაუქმების საჭიროება დადგა დღის წესრიგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები