მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრიწყაროს მერიის თანამშრომლები შვებულებაში ყოფნისას პირად ავტომობილებში საწვავს სახელმწიფოს ხარჯზე ასხამდნენ - აუდიტი

თეთრიწყაროს რაიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების შვებულებაში ყოფნის დროს პირად საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში საწვავი ჩასხმულია 82 შემთხვევაში და დახარჯულია 2 325 ლიტრი საწვავი, - ამის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, არარაციონალურია. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

„2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 10 განპიროვნებულ, 1 სამორიგეო და საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ 37-43 ავტომანქანას. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა საანგარიშო პერიოდში გახარჯა 175.9 ათასი ლიტრი საწვავი. მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გახარჯულია 102.9 ათასი ლიტრი საწვავი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე“, - წერია აუდიტის დასკვნაში და აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე არსებითად მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმის ფაქტებიც. კერძოდ, 49 შემთხვევაში ჩასხმულია სულ 3 682 ლიტრი საწვავი.

გარდა ამისა, აუდიტის აღმოჩენის მიხედვით, ავტომანქანებში, 77 შემთხვევაში, 2 404 ლიტრი საწვავი ჩასხმულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც სავარაუდოდ, არ უკავშირდება მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მერიის წარმომადგენლებთან ერთად აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული ოთხ და მოხსნილი იყო ერთ ავტომანქანაზე. შესაბამისად, აუდიტის დასკვნით, არსებობს რისკი, რომ აგაი სისტემის ჩიპი გამოიყენება სხვა მანქანებზეც, არასამსახურებრივი დანიშნულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები