მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრიწყაროს მერიამ 455.9 ათასი ლარის სახელფასო დანამატი დასაბუთების გარეშე გასცა - აუდიტი

60428db955774
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 10:15
4903
2018-2019 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა სახელფასო დანამატის სახით გასცა 332.7 ათასი ლარი, - ამის შესახებ აღნიშნულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

როგორც აუდიტი ამბობს, დანამატის გაცემის საფუძველია საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ბრძანებები, რომლებიც მომზადებულია საკრებულოს აპარატისა და მერიის სამსახურის უფროსების მოხსენებითი ბარათების შესაბამისად.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელფასო დანამატი გაცემულია მოხელეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების მოტივით, თუმცა სამუშაოების შესრულების მიზნით, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები წერილობითი ფორმით გაცემული არ არის. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაო შეასრულეს დასაქმებულმა პირებმა, რის საფუძველზეც მოხდა სახელფასო დანამატის გაცემა“, - წერს აუდიტი.

ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტმა 10 შემთხვევაში დაარღვია სახელფასო დანამატისთვის კანონით განსაზღვრული მოცულობები და ნაცვლად ხელფასის წლიური ოდენობის 20%-ისა მომსახურეებზე გასცა 21%-დან 28%-მდე.

„2018-2019 წლებში სახელფასო დანამატის სახით 123.2 ათასი ლარი გაცემული აქვთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც. ორგანიზაციებმა ვერ წარმოადგინეს ვერც ხელმძღვანელის წერილობითი დავალებები, რომლებიც სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველია და ვერც სამუშაოების ზეგანაკვეთურად შესრულების დოკუმენტური მტკიცებულება“, - წერია ანგარიშში.

ამგვარად, აუდიტის დასკვნით, საერთო ჯამში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე სახელფასო დანამატი 455.9 ათასი ლარის ოდენობით გასცა, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები