მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრმა სახლმა ჯარში და დაზვერვაში AI-ის გამოყენების პროტოკოლი დაამტკიცა

ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა გამოიყენონ პენტაგონმა და სხვა სამხედრო თუ სადაზვერვო უწყებებმა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია. ამ დოკუმენტში გაწერილია, როგორც სააგენტოებისთვის კონკრეტული დავალებების შესასრულებლად მიცემული დრო, ასევე ბირთვულ იარაღთან და მიგრაციასთან დაკავშირებული ე.წ. “წითელ ხაზები”, რომელთა გადაკვეთამ, შესაძლოა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დააყენოს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამ დოკუმენტის დამტკიცება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან სხვადასხვა პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ამ ტექნოლოგიური ქმნილების რეგულირება ბაიდენის პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი იყო. ამ მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ შეხვედრია უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს, რაც გასაგებია, თუ AI-ის პოტენციალს და იმ ზეგავლენის მასშტაბს გავითვალისწინებთ, რომელიც, შესაძლოა, ამ ტექნოლოგიამ კაცობრიობაზე მოახდინოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ ძირითადი AI-ტექნოლოგიების დაფინანსების და ფლობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, ხოლო თავად ეს ტექნოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მისი რეგულირება ფაქტობრივად შეუძლებელია. სალივანი ამბობს, რომ თუ ბირთვული ფიზიკის, კოსმოსური აღმოჩენების, პერსონალური კომპიუტერების და ინტერნეტის მიმართულებით უდავო პიონერი აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტი იყო, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კერძო სექტორი ლიდერობს.

დოკუმენტი, რომლის ნაწილი საიდუმლო გრიფით არის დაცული, რამდენიმე ათეულ გვერდს ივლის და დიდწილად, სამოქმედო გეგმავს ჰგავს, რომლის ფუნდამენტად თეთრი სახლი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას იყენებს. დოკუმენტის ბევრი მუხლი ბუნდოვანია, მაგრამ არსებობს გარკვეული დასკვნები, რომელთა გამოტანა ახლაც შეგვიძლია. ამგვარი საკითხების ჩამონათვალში, რაც უნდა უცნაური იყოს, ატომური იარაღი მოხვდა, რადგან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელოვნურ ინტელექტს არასდროს ექნება უფლება გასცეს ბრძანება ატომური იარაღის გამოყების თაობაზე. დღეს, ისევე, როგორც მომავალში, ეს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, ანუ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს.

თუ ატომური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დოკუმენტი ასე თუ ისე გასაგებია, იგივეს ვერ ვიტყვით სხვა ტიპის იარაღზე. როგორც მემორანდუმში ვკითხულობთ, იმ დროს, როცა საქმე სამხედრო იარაღს უკავშირდება, გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვში ადამიანები საკუთარ როლს შეინარჩუნებენ. თუმცა ეს მიდგომა, როგორც ცნობილია, პროცესს ანელებს, რაც ავტორიტარულ, ანუ შედარებით სწრაფ ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებით, გარკვეულწილად, ნაკლადაც შეიძლება ჩაითვალოს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე ეს ქვეყანა ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებულია.

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ იგეგმება, მიგრაციას უკავშირდება, ანუ კონკრეტული პირისთვის მიგრანტის სტატუსის მინიჭების და, შესაბამისად, ქვეყანაში მისი შემოშვების გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა კვლავაც ადამიანებს დარჩებათ. როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ამ გადაწყვეტილების ხელოვნური ინტელექტისადმი აუთსორსინგით ქვეყანაში, შესაძლოა, არასასურველი და საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები მოხვდნენ. ხელოვნური ინტელექტი ასევე ვერ შეძლებს ადამიანების თვალთვალს ეთნიკურ წარმომავლობაზე და რელიგიაზე დაყრდნობით.

თეთრი სახლის მიერ დამტკიცებული ახალი დოკუმენტი ახალი უწყების, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის დაფუძნებასაც მოიაზრებს, რომელიც სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში განთავსდება. ამ უწყების დანიშნულება იმ AI-ხელსაწყოების შემოწმება იქნება, რომელთაც კომპანიები ბაზარზე გამოსატანად გაამზადებენ. ამ გზით, ოფიციალურ ვაშინგტონს სურს დარწმუნდეს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი AI-მოდელები არამეგობრულ ქვეყნებს ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ან სამხედრო იარაღის გაუმჯობესებაში არ დაეხმარება.

თუმცა ყველაფერი ის, რაზედაც ახლა მოგიყევით, გარკვეულწილად, მაინც ბუნდოვანია. საქმე ისაა, რომ დოკუმენტში გაწერილი თარიღების უმეტესობა იმ პერიოდზე მიუთითებს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ახალი პრეზიდენტები წინამორბედების დროს მიღებული დოკუმენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ააქტიურებენ, ხოლო უმეტეს შემთხვევაში - აუქმებენ. კონკრეტულად რა პოზიცია აქვთ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით დემოკრატ კამალა ჰარისს ან რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, ამ დროისთვის, დაწვრილებით ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები