საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფოთში თევზსაჭერი ლიცენზიის მფლობელი გემები დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე ლიცენზიის მფლობელებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ლიცენზიის მფლობელი კომპანიები თევზს მოპოვებასთან ერთად ამუშავებენ და ამ მიზნით, ბოლო წლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თევზის ფქვილისა და ზეთის დამამზადებელი ოთხი საწარმო და სამი გამყინავი ქარხანა გაიხსნა.
"ლიცენზიის გაცემისას არც ერთ ქართულ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი თევზსაჭერი გემი და თევზჭერა იჯარით შემოყვანილი გემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ქართული თევზსაჭერი ფლოტის შექმნაზე, რის შედეგადაც, ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა 5 გემი შეიძინეს. სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, ქართული თევზსაჭერი ფლოტი 9 გემით გაიზარდა. პროგრამამ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზსაჭერი გემების შეძენის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მეთევზეებსაც, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ქართული გემების ეკიპაჟი გადამზადებული ქართველი მეთევზე მეზღვაურებით დაკომპლექტდება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 38 მილიონ ლარს აჭარბებს. დასაქმდა დამატებით 161 ადამიანი. ახალი გემების შეძენა ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს თევზის რესურსის სრულად ათვისების და ქვეყანაში საექსპორტო თევზის პროდუქტის სისტემატიზებული წარმოების საშუალებას აძლევს", - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bm.ge გთავაზობთ, 5 კომპანიისა და მათ მფლობელების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველოში თევზსაჭერ ლიცენზიას ფლობენ:
- შპს "ზღვის პროდუქტები" - კომპანიის მესაკუთრე დავით წიწილაშვილია, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული დირექტორი კი, დავით კვანტალიანი;
- შპს "პალიასტომი-2004" - კომპანიის წილის 66.6% სულხან პაპაშვილის საკუთრებაა, 33.3% კი, შპს ზღვის პროდუქტებს ეკუთვნის, რომლის მფლობელიც დავით წიწილაშვილია;
- შპს "გეოფიშ კომპანი" - კომპანიის წილის 64%-ს შპს "აისბერგი 2" ფლობს, 26%-ს შპს "გუგოლპლექსი", 4% ალექსანდრე თავაძეს ეკუთვნის, 1.5% ნინო სარიშვილს, 1.5% კახაბერ ლატარიას, 1.5% პარლამენტარ გიორგი ხახუბიას (წილის მმართველი ირაკლი ვეკუაა), 1.5%-ს თურქეთში რეგისტრირებული "ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედი" ფლობს;
- "შპს აისბერგი 2" - 25% კახაბერ ლატარიას საკუთრებაა, 25% ეკუთვნის ეკატერინე ხურციას, 25% თურქეთში რეგისტრირებულ შპს "ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთის", 25% კი,პარლამენტარი გიორგი ხახუბია და მაკა ხახუბიას თანასაკუთრებაა, რომელთა წილსაც ამ შემთხვევაშიც ირაკლი ვეკუა მართავს;
- შპს "მბმ" - 64%-ს შპს მბმ ფიშინგი ფლობს, რომლის წილების ფლობაც ასე ნაწილდება: 69.4% მერაბ ხარაბაძე, 15.6% დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნიკოლოზ ხინჩიკაშვილი, 10% გივი ხარაბაძე, 5% რატი ნოდია. კომპანიის 36% კი, თურქეთში რეგისტრირებული შპს "მეის სუ ურუნლერი ავჯილიღი ვე იეთიშთირიჯილიღი თიჯარეთის" ფლობაშია.