ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის, The Economist-ის მფლობელი ჰოლდინგური კომპანია The Economist Group-ის 27%-იანი წილი, რომელიც ლინ ფორესტერ დე როტშილდს ეკუთვნოდა, გაიყიდა. ეს 183-წლიან ისტორიაში მფლობელობის სტრუქტურის მხოლოდ მესამე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. TEG-ს ასევე ეკუთვნის ციფრული გამოცემა 1843 Magazine და ბიზნესის კვლევების განყოფილება (EIU).
კომპანიის წილი კანადელმა მილიარდერმა, სტივენ სმიტმა შეისყიდა. კერძოდ, მისმა საოჯახო ჰოლდინგურმა კომპანიამ, Smith Financial Corp-მა, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ ბიზნესს (მათ შორის, გავლენიან საკონსულტაციო ჯგუფ Glass Lewis-ს) ფლობს, The Economist Group-ში 26.9%-იანი წილი ისე შეიძინა, რომ გარიგების მოცულობა ცნობილი არ არის.
გასულ წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბანკო დინასტიის მფლობელობაში არსებული წილი, რომელიც მედიაჯგუფში ხმის უფლების მქონე აქციების 20%-ს მოიცავს, დაახლოებით 537 მილიონი დოლარი ღირდა.
2025 წლის მარტის ბოლოსთვის კომპანიის შემოსავალმა 369 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ხოლო მოგებამ 48 მილიონი ფუნტი შეადგინა. ამასთან, The Economist-ის გამომწერთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა და 1.25 მილიონს მიაღწია.
ფორესტერ დე როტშილდი, მისი ოჯახი და ფონდი TEG-ში წილს 2002 წლიდან ფლობდნენ. ის კერძო საოჯახო ოფისის, EL Rothschild-ის აღმასრულებელი დირექტორი და არაკომერციული ორგანიზაციის, "ინკლუზიური კაპიტალიზმის საბჭოს" დამფუძნებელია.
გარიგება კომპანიის ოთხმა დამოუკიდებელმა რწმუნებულმა და TEG-ის დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცონ.
"ეს ინვესტიცია ასახავს ბატონი სმიტის სრულ მხარდაჭერას The Economist-ის ურყევი სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიციისადმი და გამოცემის სტრატეგიასა და ოპერაციებზე გავლენას არ იქონიებს.
ბატონი სმიტი კანადელი ანტრეპრენიორი და ინვესტორია, რომელიც მნიშვნელოვან წილებს ფლობს კანადის წამყვან ფინანსურ ბიზნესებში. მას ასევე შეაქვს წვლილი განათლების, ისტორიისა და ხელოვნების განვითარებაში", - განაცხადა სპიკერმა.
Smith Financial Corporation-ის ინფორმაციით, სმიტი ასევე ხელმძღვანელობს ორგანიზაციას Historica Canada (კანადური ენციკლოპედიის გამომცემელი) და არის ონტარიოს სამეფო მუზეუმის საპატიო მმართველი, ასევე Glass Lewis-ის თავმჯდომარე. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
როტშილდებმა საკუთარი წილის სრულად გაყიდვის შესაძლებლობების შესწავლა გასულ წელს დაიწყეს და ამ მიზნით საინვესტიციო ბანკი Lazard-ი დაიქირავეს.
დღეისათვის The Economist-ის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური აქციონერია Exor-ი (Fiat-ის მემკვიდრის, ჯონ ელკანის საინვესტიციო კომპანია), რომელიც 43.4%-იან წილს ფლობს. თავად TEG აქციების დაახლოებით 30%-ს აკონტროლებს, სხვა აქციონერებს შორის კი კედბერისა და შროდერების ოჯახის წევრები არიან.
TEG-ის წესდების მიხედვით, არცერთ აქციონერს არ შეუძლია ფლობდეს ხმის უფლების 20%-ზე მეტს.




























