მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გააძლიერა უკრაინასთან ომმა რუსეთი? - ერიკ შმიდტის, Google-ის ყოფილი CEO-ს ანალიზი

ერიკ შმიდტი
სტატიაში საუბარია:

როგორ გააძლიერა უკრაინასთან ომმა რუსეთი? - ამ კითხვას აქტუალობა რამდენიმე დღის წინ Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ტექ-მაგნატისა და პენტაგონის ექს-მაღალჩინოსნის, ერიკ შმიდტის ინტერვიუმ შესძინა. კიევში The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირდაპირ თქვა, რომ რუსეთმა ინოვაციების შექმნის ახალ, სერიოზულ ტემპს მიაღწია და რომ ამ ტემპს ზურგს უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი უფრო საშიშს ხდის. მოკლედ, რა ახალ საფრთხეებზე ისაუბრა შმიდტმა, ამ სტატიაში სწორედ მათ გაეცნობით.

69 წლის ერიკ შმიდტმა, ამერიკელმა ტექნოლოგიურმა მაგნატმა, Google-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და პენტაგონის თავდაცვის ინოვაციების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც წლებია ხელოვნური ინტელექტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, კიევში ჩასვლის შემდეგ საგანგაშო გზავნილები გაუგზავნა დასავლეთს.

თუ ამ ომის განმავლობაში ევროპასა და შტატებში მყარად იყო დამკვიდრებული მოსაზრება, რომ უკრაინა იყო მოქნილი, ტექნოლოგიური ინოვატორი, ხოლო რუსეთი - მძიმე, მოუქნელი და ბიუროკრატიული მანქანა, შმიდტი პირდაპირ ამბობს, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მოსკოვმა ე.წ. „ტოტალური ომის“ სტრატეგია აირჩია და ისეთ ტექნოლოგიურ მოდელზე გავიდა, რომელიც უკრაინის განვითარების ტემპს უტოლდება. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთმა ისწავლა ომის გაკვეთილები.

„ყოველთვის ითვლებოდა, რომ უკრაინა იყო მთავარი ინოვატორი, რუსეთი კი - მოუქნელი და ნელი. თუმცა რაღაც შეიცვალა. რუსეთი ახლა ინოვაციების ისეთ ტემპზე გავიდა, რომელიც უკრაინის ტემპს უტოლდება, ოღონდ გაცილებით მეტი რესურსით. თანაც ეს იმ ფონზე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეფექტიანი გზა მათი აქამდეც საშიში და დამანგრეველი ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად. დასავლეთში არსებული ანტიბალისტიკური სისტემები, როგორიცაა Patriot-ი, იმდენად დეფიციტურია, რომ ყველაფრის დასაცავად არ გვყოფნის. რუსეთმა კი რეაქტიული “შაჰედების” შექმნაც დაიწყო. გააერთიანა 2 ტექნოლოგია და შექმნა იარაღი, რომელიც მთელ ქვეყანაში დაფრინავს და ფრონტის ხაზს მიღმა მთავარ მკვლელ ძალად იქცა.“ - აღნიშნავს ერიკ შმიდტი.

საყურადღებო ფაქტია, რომ მხოლოდ მოდერნიზებული შაჰიდები არ არის ის, რასაც ტექ-მაგნატი კიევისთვის გამოწვევად მიიჩნევს. შმიდტი არა ერთ ან ორ, არამედ 5 კრიტიკულ მიმართულებაზე საუბრობს. პრობლემებზე, რომლებსაც უკრაინა მარტო ვერ გაუმკლავდება. როგორც ის აღნიშნავს, ამ 5 ფაქტორის ერთობლიობა ფრონტზე ძალთა ბალანსს სერიოზულად ცვლის.

პირველი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ბალისტიკური რაკეტებია, რომელთა საწინააღმდეგო Patriot-ის ჭურვები დასავლეთს აღარ ჰყოფნის.

მეორე - რეაქტიული „შაჰედებია“. როგორც შმიდტი ამბობს, რუსებმა ისწავლეს, როგორ დაემატებინათ ირანული დრონებისთვის ჩინური რეაქტიული ძრავები და შეექმნათ ჩინურივე დეტალებით აწყობილი რელეური ქსელი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ნებისმიერ სამიზნეს უწყვეტ რეჟიმში 8K რეზოლუციით დააკვირდნენ. შედარებისთვის, სტანდარტული ეკრანები, მაქსიმუმ 4K რეზოლუციით გვიჩვენებს გამოსახულებას. აი, ხილვადობის სწორედ ამ სიძლიერის შედეგად მიიჩნევს ის ფაქტს, რომ რუსეთმა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი დრონის პირდაპირ უკრაინის უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინის ცენტრალურ ფანჯარაში შეფრენა შეძლო.

როგორც პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, დეკემბრის ბოლომდე რუსეთი ასეთი კიდევ 80,000-მდე რეაქტიული დრონის გამოყენებას გეგმავს.

შმიდტი განსაკუთრებულ ყურადღებას მე-3 საფრთხეზე ამახვილებს - და ის სატელიტურ სისტემებს უკავშირდება. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ უკრაინის სიძლიერე ილონ მასკის Starlink-ები იყო, როგორც ტექ-მაგნატი ამბობს, კრემლმა ამასაც მოუძებნა გამოსავალი და მას „რასვეტი“ (Рассвет) დაარქვა. სატელიტური სისტემა, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში ამოქმედდება და რომლის ჩახშობაც შეუძლებელი იქნება.

როგორც შმიდტმა თქვა, რუსეთბმა უკვე გამოცადეს ის, თუმცა ჯერ საკმარისად მოქნილი და დახვეწილი არ არის. თუმცა კი, თუ ომი გაიწელა, ეს უკრაინას დიდ თავის ტკივილს შეუქმნის და საფრთხედ დარჩება მთელი სამეზობლოსთვის, რადგან რუსეთს უკვე კოსმოსური კონტროლის ბერკეტებიც ექნება ხელთ.

Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი საკმაოდ მოკლედ ახსენებს დანარჩენ 2 მიმართულებას, რადგან მეტწილად ეს საფრთხეები საყოველთაოდაა ცნობილი - მართვადი საავიაციო ბომბები და მასშტაბური მობილიზაცია, როგორც რუსეთის მეთოდი ნებისმიერი კონფლიქტის მოსაგებად. მთავარი, რასაც ამ მხრივ Google-ის ყოფილი ხელმძღვანელი გამოყოფს, არის ის, რომ კრემლმა ისწავლა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ორივე ეს გზა, როცა საქმე მიზნის საბოლოოდ მიყვანას ეხება.

იმის მიუხედავად, რომ ტექ-მაგნატი ვითარებას სერიოზულ პრობლემად აღიქვამს, ის არ მიიჩნევს, რომ დასავლეთმა პოზიციები უნდა დათმოს. შმიდტი ამ საფრთხეების ნეიტრალიზების 2 გზას ხედავს.

„უკრაინა ნებისმიერ ერთ საფრთხეს გადალახავდა, მაგრამ ხუთივეს ერთად დაძლევა, ჩემი აზრით, დასავლეთის დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნება. დასავლეთმა დახმარება 2 კონკრეტული რაღაცით უნდა უზრუნველყოს - ერთი მხრივ, ფულით, რომელიც უკრაინას ძალიან სჭირდება, რადგან რუსეთმა მისი ვაჭრობა და პორტები გააჩერა. ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო შეიარაღების წარმოების მასშტაბირებაში დახმარებით. უკრაინელებს აქვთ ბრძოლის გაგრძელების სიმამაცე, მაგრამ მათ არ აქვთ წარმოების იმ მოცულობამდე თავად გაზრდის შესაძლებლობა, რაც ამ ომში გადასარჩენად არის აუცილებელი. ამიტომ, მათ თავად უნდა იკისრონ ამ მხრივ კიევის დახმარების ვალდებულება." - აღნიშნავს ყოფილი მაღალჩინოსანი.

The Economist-თან ინტერვიუს ამ ნაწილის დასასრულს ერიკ შმიდტი ასკვნის, რომ უკრაინის ომმა არამარტო კიევი, არამედ უკვე მოსკოვიც გააძლიერა. ისწავლა ტექნოლოგიებთან ადაპტირება და რესურსების მობილიზება. ტექ-მაგნატი მიიჩნევს, რომ ახლა არჩევანი დასავლეთის გასაკეთებელია - ან მისცეს კიევს გადარჩენისა და გამარჯვებისთვის საჭირო ფინანსები და წარმოების მასშტაბირების შესაძლებლობა, ან დაუშვას, რომ ავტორიტარულმა რეჟიმმა ტექნოლოგიური უპირატესობა საბოლოოდ ხელში ჩაიგდოს და ომიც ყველაზე არასასურველი შედეგით დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები