მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

The Economist; WSJ; Financial Times - რა უჯდება "აწარმოე საქართველოშის" რეკლამა საერთაშორისო მედიაში?

აწარმოე საქართველოში

ეკონომიკის სამინისტროს "აწარმოე საქართველოში" საერთაშორისო მედიებში წელს მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. შესყიდვების სააგენტოზე უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე მილიონი ლარის ხელშეკრულებები (ჯამურად), რომლებიც სააგენტომ საერთაშორისო გამოცემებთან უკვე გააფორმა.

"აწარმოე საქართველოში" Wall Street Journal-ის მფლობელ კომპანიასთან (DOW JONES AND COMPANY) 524 444 დოლარის ღირებულების სარეკლამო ხელშეკრულება გააფორმა. ერთწლიანი ხელშეკრულება კომპანიასთან 9 მაისს გაფორმდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სააგენტო საქართველოზე WSJ-ში სტატიებს გამოაქვეყნებს.

"სააგენტოს გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან საერთაშორისო მედია კომპანიებთან, როგორებიცაა Bloomberg, Reuters, Financial Times და სხვა. კამპანიის ფარგლებში იგეგმება WSJ-ს ციფრულ პლატფორმაზე ანალიტიკური ანგარიშის Eye on Georgia და ექვსი სტატიის გამოქვეყნება, საქართველოს ვირტუალური ჰაბის შექმნა და ასევე, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა", - უთხრეს BMG-ის სააგენტოში.

მათივე განცხადებით, ისევე როგორც წინა წლებში, წლევანდელი კამპანიის მიზანია საქართველოს საერთაშორისო დონეზე ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამიზნე ჯგუფებისთვის – მათ შორის პოტენციური ინვესტორებისთვის, საერთაშორისო მრჩევლებისთვის და კერძო სექტორის სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. კამპანიის ფარგლებში გამოყენებული იქნება მრავალმხრივი საკომუნიკაციო მასალები: თემატური სტატიები, ვიზუალები (ვიდეო და გრაფიკა), ანალიტიკური ანგარიშები, ინტერვიუები და სხვა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო მედიის დახმარებით.

ამას გარდა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა THE ECONOMIST-თან 262 222 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება მოიცავს სტატიის შექმნასა და The Economist-ის ბეჭდურ გამოცემაში, ვებგვერდზე, აპლიკაციასა და ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს პოპულარიზაციას სხვადასხვა მასალის მეშვეობით. მათ შორისაა: ვიდეო, პოდკასტი, სოციალური მედიის ქარდები, ე.წ. Site და AppTakeover და სხვა.

"ასეთი დიდი აუდიტორიისა და მაღალი რეპუტაციის მქონე გლობალურ მედიასთან ინტეგრაცია ზრდის საქართველოს საერთაშორისო ცნობადობას", - აცხადებენ "აწარმოე საქართველოში". სააგენტომ ასევე 29 აპრილს გააფორმა FINANCIAL TIMES-თან 47 200-ის ღირებულების ხელშეკრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები