გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ტრადიციას არ ღალატობს და 2024 წელსაც 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიას გამოაქვეყნებს.
ამჯერად მათ 100-დან 70-ე პოზიციამდე ფეხბურთელები დაასახელეს და რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდიან.
სასიხარულოა, რომ მოცემულ რეიტინგში მე-80 ადგილს საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
The Guardian-ი ქართველ მეკარეზე წერს, რომ გიორგიმ საქართველოს ნაკრებთან ერთად 2024 წელს ყველა გამოცდა ჩააბარა, “ვალენსიასთან” ერთადაც ბევრი საქმე აქვს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეკარეა ესპანეთში:
“ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ ჯგუფური ეტაპის დაძლევაში მამარდაშვილის წვლილი ერთ-ერთი ყველაზე დიდია. მან 20 დარტყმა მოიგერია, საიდანაც 11 ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მოდის და შედეგად საქართველომ მერვედფინალის საგზური სენსაციურად მოიპოვა. ამ დროისთვის ქართველი მეკარე “ვალენსიაში” იჯარით იმყოფება, რადგან მასში “ლივერპულმა” ადეკვატური თანხა - 30 მილიონი ევრო გადაიხადა. ჩვენს რეიტინგში მეკარეებს შორის ის მხოლოდ “ლივერპულის ამჟამინდელ გოლკიპერს ალისონს ჩამორჩება, რომელსაც ქართველი დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ჩაანაცვლებს” - წერია The Guardian-ის სტატიაში.
მამარდაშვილმა მოცემულ სიაში ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც ანდრეი ლუნინი, კოდი გაკპო, ედუარდო კამავინგა, მაიკ მენიო და სხვა ფეხბურთელები არიან.