მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Sims-ის შესახებ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ

მარგო რობი

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის, The Sims-ის შესახებ ჰოლივუდში სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ. ფილმის გენერალური პროდიუსერი Amazon MGM Studios-ი იქნება, მაგრამ პროდიუსერებს შორის მარგო რობისაც ვხვდებით, რომელმაც ბოლო დროს კინოეკრანებიდან კულისებში გადაინაცვლა, კომპანია Lucky Chap-ი დააფუძნა და კარგადაც იხეირა, The Barbie-ის წარმატებას თუ გავითვალისწინებთ. თუმცა მარგო რობის გარდა, შთამბეჭდავად გამოიყურება The Sims-ის ფილმზე მომუშავე ადამიანების ჩამონათვალიც: ფილმის რეჟისორი The Last of Us-ისა და Loki-ის გამოცდილების მქონე კეიტ ჰერონი იქნება, ხოლო სცენარს Doctor Who-ზე მომუშავე ბრიონი რედმანი ჩაიბარებს.

The Sims-ის ფილმის გადაღება ძალიან დიდი მოვლენაა, როგორც კინოინდუსტრიისთვის, ასევე ტექნოლოგიური სფეროსთვის, რადგან The Sims-ი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული ვიდეოთამაშია. The Sims-ის პირველმა ნაწილმა, რომელიც Electronic Arts-მა ჯერ კიდევ შორეულ 2000 წელს გამოუშვა, ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა ცნება იმისა, თუ რა იყო შესაძლებელი ვიდეოთამაშებში. The Sims-ში მომხმარებლებს ვირტუალური ადამიანების შექმნა შეეძლოთ, რომელთაც ისეთივე ცხოვრება ჰქონდათ, როგორიც ჩვენ, რეალურ ადამიანებს. ამგვარად, The Sims-ი რეალური ცხოვრების ერთ-ერთი პირველი სიმულატორი იყო, რომელიც, ამავდროულად, ტექნოლოგიურად გამართულიც იყო.

თავად იმ ფაქტის გამო, რომ The Sims-ში ფაქტობრივად ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, რაც ადამიანს მოესურვებოდა და თან, ეს ყველაფერი ადამიანისთვის გასაგები სოციალური მეტრიკებით იზომებოდა, ვიდეოთამაშით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა. თავის დროზე, მსოფლიოში The Sims-ის პირველი თამაშის 11 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რამაც ის იმ დროის ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ვიდეოთამაშად აქცია. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2000 წელს პერსონალური კომპიუტერი ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა პლანეტაზე და მათ შორის The Sims-ის მოთამაშეთა წილი საკმაოდ დიდი იყო. მას შემდეგ, The Sims-ის რამდენიმე განახლება გამოვიდა და ჯამში, ვიდეოთამაშის 200 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც ის ისტორიაში შევიდა.

თუმცა პროექტის კომერციული წარმატების გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის გავლენა, რომელიც The Sims-მა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზე მოახდინა. თავის დროზე, ვიდეოთამაშები, რატომღაც, ძირითადად, ბიჭებისა და კაცებისთვის იქმნებოდა, რადგან არსებობდა დაშვება, რომ გოგოები და ქალები ვიდეოთამაშებით არ ინტერესდებოდნენ. The Sims-მა ეს ლოგიკა შეცვალა, ხოლო ბაზარზე ახალი ჟანრის ვიდეოთამაშები გამოჩნდა, რომელთა აუდიტორია მოიცავდა, როგორც გოგოებს და ბიჭებს, ასევე ქალებსა და კაცებს.

ამასთან, სწორედ The Sims-ის დამსახურებაა პერსონიფიცირებადი ავატარების შექმნის, სახლის დიზაინის აწყობისა და ვიდეოთამაშების დამატებითი ნაწილების, ე.წ. DLC-ების კულტურა, რაც, მოგვიანებით, სხვა ვიდეოთამაშებშიც გამოჩნდა. DLC-ებისა და მოდების გამოშვებით, The Sims-ის განვითარებაში დიდი როლი შეიტანეს არამხოლოდ EA-სთან დაკავშირებულმა დეველოპერებმა, არამედ ვიდეოთამაშის კომუნის სხვა წევრებმა, რომელთა ნაწილმა ამ საქმით ფინანსურადაც იხეირა. თან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ The Sims-ის სამგანზომილებიანი გრაფიკის ატანა ბევრ კომპიუტერს არ შეეძლო, რამაც კომპანიებს მოწყობილობების განვითარებისკენ უბიძგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები