მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Threads-ს ე.წ. სთორების ფუნქცია დაემატა - რა იქნება განსხვავება?

Threads

მარკ ცუკერბერგის Meta-მ ილონ მასკის X-თან კონკურენციის მიზნით, 2023 წელს შექმნილ Threads-ს ახალი ფუნქცია შემატა. საუბარია ე.წ. აჩრდილ პოსტებზე, რომლებიც გამოქვეყნებიდან 24 საათში გაქრება. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, პოსტის გამოქვეყნებამდე “აჩრდილის” პარამეტრი მონიშნონ. ანუ უზრუნველყონ, რომ მათ მიერ დადებული ტექსტობრივი თუ ფოტო-ვიდეო მასალა 1 დღის შემდეგ საჯარო სივრციდან გაქრეს.

ამასთან, ე.წ. აჩრდილ პოსტებს საჯარო განხილვის სექცია გათიშული ექნება, შესაბამისად, კონკრეტული შეფასების დატოვება მხოლოდ მის ავტორთან უშუალო მიმოწერით შეგეძლებათ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი დააჭერთ ხელს პოსტს, ავტომატურად მოხვდებით ე.წ. ინბოქსში. როგორც Meta-ში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიზანი მეტი უშუალო კომუნიკაციის ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფუნქცია მარკ ცუკერბერგის სხვა ცნობილი პლატფორმებისთვის უცხო არ არის. თავად Meta-ში აცხადებენ, რომ “აჩრდილი” პოსტები მომხმარებელს Instagram-ისა თუ Facebook-ის ე.წ. სთორებს მოაგონებს. როგორც ჩანს, კომპანიაში ამ ფუნქციის ეფექტურობაში დარწმუნებული არიან და ამჯერად მიზნად მსგავსი შესაძლებლობის Threads-ის მომხმარებლებისთვის მიცემას ისახავენ. ცნობისთვის, აგვისტოს თვეში X-ის კონკურენტ პლატფორმას 400 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები