მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI-იმ აჭარის მაღალჩინოსანთა ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა

63f35878d581c
BM.GE
20.02.23 21:27
337
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები გამოავლინა. ორგანიზაციის თანახმად, აღმოჩენილი ხარვეზები ძირითადად უძრავი ქონების ოპერაციებს უკავშირდება. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ედუარდ ნაკაშიძის ქონებრივი დეკლარაცია:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ ქედაში კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ აიშენა. 2022 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ნაკაშიძემ სახლის სარემონტო სამუშაოებზე 2021 წელს 18,000 ლარი დახარჯა. სახლი სოფელ არსენაულში, ქედის ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვეს მდებარეობს.

როგორც Google Earth-ის მონაცემებიდან ჩანს, სახლის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. Მაშინ ედუარდ ნაკაშიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილებაში მუშაობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მინისტრის მოადგილეს სახლის მშენებლობის ნებართვა, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან ჯერ კიდევ 2022 წლის 7 სექტემბერს გამოითხოვა, თუმცა არაერთგზის შეხსენების მიუხედავად, მერიიდან პასუხი არ მიგვიღია. მოგვიანებით, 21 სექტემბერს ორგანიზაციამ იმავე მერიისგან გამოითხოვა ქედის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რომან დავითაძის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ცნობები, რომელიც კანონით განსაზღვრულ ვადებში მივიღეთ. გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქედის მერია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებულ ინფორმაციას საგანგებოდ არ ასაჯაროებდა, რითაც არღვევდა კანონის მოთხოვნებს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს.

სარჩელის შეტანის შემდეგ ქედის მერიამ 2023 წლის 27 იანვარს მოგვწერა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე „სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაცია მომზადებულია და დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით”. მუნიციპალიტეტს არც ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი პროექტი და მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოუდგენია. წერილიდან ჩანს, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც კი, არ აქვს კანონით გათვალისწინებული სამშენებლო ნებართვა.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობები

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის მეუღლემ, ირმა გოგიტიძემ 2020 წელს ქობულეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა #224-ის მიმდებარედ, სავარაუდოდ, უკანონოდ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს დააშენა სართულები, რითაც მისი საერთო ფართობი 5-ჯერ გაიზარდა. ამ ფაქტს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და დავით მჭედლიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები: 2020 წლის 23 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ამ საცხოვრებელი სახლის საერთო ფართად მითითებულია 600 კვ.მ, ხოლო 2021 წლის 28 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია 3023,3 კვ.მ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში განთავსებულია საოჯახო სასტუმრო.

დავით მჭედლიშვილის და მისი ოჯახის წევრების უკანონო მშენებლობებზე 2021 წელს გაზეთი „ბათუმელები” წერდა. დავინტერესდით, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა თუ დააჯარიმა ისინი უკანონო მშენებლობის გამო ან/და მხილების შემდეგ მჭედლიშვილის მეუღლემ თუ მიმართა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ნებართვის ასაღებად. საჯარო ინფორმაცია მერიისგან 2022 წლის 16 სექტემბერს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო უკვე მივმართეთ სასამართლოს.

„ხულო ინნ” - აჭარის მთავრობის აპარატის მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი სასტუმრო

აჭარის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ლაშა ბოლქვაძის მამამ, ტარიელ ბოლქვაძემ სასტუმრო „ხულო ინნ”-ის მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 7 სექტემბერს მიიღო - ამ დროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და მიმდინარეობდა ფასადის მოპირკეთების სამუშაოები. სასტუმრო ხულოს ცენტრთან ახლოს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პირას მდებარეობს. მიწის ნაკვეთს, რომელზეც სასტუმრო აშენდა, ტარიელ ბოლქვაძე 2011 წლიდან ფლობს.

ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი (5.000 კვ.მ.) ხულოს მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ ტარიელ ბოლქვაძეს 2020 წელს შენობა-ნაგებობასთან ერთად საკუთრებაში დაურეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანამდე ბოლქვაძე ამ ტერიტორიას თვითნებურად იკავებდა. Google Earth-ის საარქივო მონაცემებით, ტარიელ ბოლქვაძემ 2015 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ აწარმოა. Მაშინ მისი შვილი, ლაშა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

ლაშა ბოლქვაძე 2014-2018 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის პირველი მოადგილე იყო, 2018-2019 წლებში აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული შპს Goderdzi Resort-ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსია.

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლის სავარაუდო უნებართვო მშენებლობა

თამილა დუმბაძემ, რომელიც სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლეა, 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში საკუთრებაში არსებულ 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სავარაუდოდ, უკანონოდ 2 ახალი შენობა-ნაგებობა ააშენა და არსებულ 2 შენობა-ნაგებობაზე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, სავარაუდოდ, უნებართვოდ აწარმოა.

ამ ფაქტებს ადასტურებს საკადასტრო რუკის მონაცემები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, კერძოდ, 2020 წლის 26 აგვისტოს ამონაწერში ჩანს 2 შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 219,3 კვ.მ. (#1 - 214,8 კვ.მ და #2 - 4,5 კვ.მ), ხოლო 2020 წლის 3 სექტემბრის ამონაწერში - 4 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 330,37 კვ.მ. (#1 - 251,25 კვ.მ, #2 - 49,37 კვ.მ, #3 - 9,6 კვ.მ და #4 - 20,15 კვ.მ). აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციების მოწოდების მიზნით 2022 წლის 21 სექტემბერს მივმართეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას. პასუხი დღემდე არ მიგვიღია, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მასზე მუნიციპალიტეტიდან ნებართვა შესაძლოა გაცემული არ იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები