2022 წლის 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, - ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ შემომწირველთა მიმოხილვა:
საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 370,000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს.
TI-ს ინფორმაციით, 2022 წლის 8 და 14 დეკემბერს გიორგი და ჯემალ ჭყონიებმა და მალხაზ დუმბაძემ „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შეწირეს. ამ ჯგუფს გასულ წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 555 000 ლარი აქვთ გაღებული. ამ მხრივ განსაკუთრებით გიორგი ჭყონია და მალხაზ დუმბაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც 2016 წლიდან გამართულ ყოველი არჩევნების წინ, ერთ და იმავე დღეს, „ქართულ ოცნებას“ ათეულობით ათას ლარს წირავდნენ. 2012 წელს ამ წყვილმა მაშინდელ მმართველ პარტიასთან აფილირებულ ორგანიზაციას - „საქართველო არ იყიდებას“ 75 000 ლარი შეწირა.
ზემოაღნიშნული ჯგუფი ერთმანეთთან საერთო ბიზნეს ინტერესებით, კერძოდ შპს „ფიგოილის“ და შპს „გზის“ მეშვეობით არიან დაკავშირებული. მათგან ყველაზე საყურადღებოა შპს „გზა“, რომლის 100%-ის მესაკუთრეც გიორგი ჭყონია, ხოლო დირექტორი მალხაზ დუმბაძეა. ამ კომპანიას 222 მილიონი ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული და 9.5 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიღებული. მოგებული ტენდერების თითქმის ნახევარი (102 მილიონი ლარის ოდენობის), უკანასკნელ 4 თვეზე მოდის. ამავე პერიოდში ჭყონიას სხვა კომპანიებს, „შატო კვირიკეს“ და „ბათუმი ცენტრალს“ გამარტივებული შესყიდვით 51 112 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, გიორგი ჭყონიას კომპანიებს მიღებული აქვთ დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მათ შორის „აწარმოე საქართველოდან“ (153 066 ლარი), „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიდან“ (181 237 ლარი), გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან" (201,735 ლარი).
2022 წლის 25 ნოემბერს ჯონი ჯინჭარაძემ და მარინა დეხტიარევმა “ქართულ ოცნებას” ჯამში 40 ათასი ლარი შეწირეს (თითოეულმა 20 000). ისინი კომპანია „ეიჩ გრუპ სერვისისთან“ და „ეიჩ გრუპ დეველოპმენტთან“ არიან დაკავშირებული. დეხტიარევი „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ დირექტორია, ჯინჭარაძე „ეიჩ გრუპ სერვისისის“ დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია ერთ მისამართზეა რეგისტრირებული და მათი მთავარი მეწილეები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან (სულ 6 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორივე კომპანიის პარტნიორია 40% და 50%-იანი წილებით).
შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს და სწორედ შემოწირულების განხორციელების პერიოდში პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის საკრებულოსთვის იყო გადაგზავნილი დასამტკიცებლად, რომელიც 12 დეკემბერს საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
ეს შემთხვევა შესაბამისი ორგანოების მხრიდან დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რათა გაქარწყლდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ შეწირული თანხა რეალურად ეკუთვნოდათ არა დეხტიარევს და ჯინჭარაძეს, არამედ მშენებელი კომპანის მეწილე რუსეთის მოქალაქეებს, შემოწირულების მიზანი კი მშენებლობის ნებართვის მოპოვება იყო. გარდა შესაძლო კორუფციული სქემის არსებობისა, იკვეთება კანონის დარღვევის სხვა ნიშნები, კერძოდ, კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც სხვა პირების მეშვეობით შემოწირულების გაღება, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ პარტიის დაფინანსება.
2022 წლის 4 და 6 ოქტომბერს ჯამში 100 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ გივი ლებანიძემ, დავით გალუაშვილმა და მანანა ნადირაძემ. ისინი „ქართუსთან“ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კერძოდ, გალუაშვილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლებანიძე — დირექტორი, ხოლო ნადირაძე — ყოფილი დირექტორი. მათ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მმართველი პარტიისთვის 28-ჯერ, ჯამში 800 000 ლარამდე აქვთ შეწირული.
სხვა ფაქტები:
საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია.