შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისადმი მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობებით.
მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი,“ – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ამავე განცხადების მხიედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ქართული ოცნების“ წევრებისადმი სანქციებს აანონსებს.
„შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხს აგებენ. ორმხრივი თანამშრომლობის ადრე გამოცხადებული ყოვლისმომცველი მიმოხილვის გაგრძელების გარდა, შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები,“ – წერს ენტონი ბლინკენი.