"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" (TI) ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციული გამოძიებების ვრცელი სია გაუგზავნა.
TI-ს თანახმად, გაიგზავნა 65 კორუფციული საქმე, რომლებშიც 49 ჩინოვნიკი ფიგურირებს.
"ვიყენებთ შესაძლებლობას და ივანიშვილს-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს, ოფიციალურ წერილთან ერთად, ვუგზავნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორუფციული გამოძიებების ვრცელ სიას, სადაც ასახულია, რომ ჩინოვნიკები წლების განმავლობაში მდიდრდებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე.
ამ სიაში 65 შემთხვევაა თავმოყრილი, სადაც 49 ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკი ფიგურირებს.
ჩვენ, როგორც ანტიკორუფციული ორგანიზაცია, ანტიკორუფციული ბიუროსგან მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას და ჩვენ მიერ გამოვლენილ კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირებას მოველით",- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების პერსონალური მონაცემები და ასევე, ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. საპასუხოდ, TI-მ ბიუროს წერილი გაუგზავნა, სადაც მოცემულია მათ ვებგვერდზე ნავიგაციის ინსტრუქცია. TI-ში ამბობენ, რომ ბენეფიციარებზე ინფორმაციას არ გასცემენ.
"რაც შეეხება ბენეფიციარებს, აქ ჩვენი პოზიცია მტკიცე და უღალატოა - ჩვენ იმ ადამიანების პირად ინფორმაციას ბოლომდე დავიცავთ და არავის გადავცემთ, ვისაც წლების განმავლობაში ვეხმარებოდით და გვენდობოდნენ. შესაბამისად, ჩვენ არ გავცემთ ინფორმაციას ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფთა შესახებ, რომელთა შორისაც არიან სახელმწიფოსგან დაჩაგრული ადამიანები: წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი, საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნილები, მიწის მესაკუთრეები, რომლებსაც სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა ნაკვეთები, სხვა დაზარალებული ადამიანები და მამხილებლები, რომლებიც თანამდებობის პირებს კორუფციაში ამხელენ",- ამბობენ TI-ში.




























