მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიანეთში სოფლებს შორის მგზავრობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს - ბიუჯეტი 363 000 ლარია

სამარშუტო ტაქსი

თიანეთში სოფლებს შორის მგზავრობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შესაბამისი დადგენილება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 21 ოქტომბერს გამოსცა. პროგრამის დაფინანსება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან მოხდება და მისი მოცულობა განისაზღვრება 363 000 ლარით.

როგორც დადგენილებაში წერია, თიანეთის მუნიციპალიტეტში, როგორც საერთოდ მთის სოფლების მოსახლეობის უმეტესობა თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაცია წარმოადგენს. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან.

თიანეთის საკრებულოს დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა. ამიტომაც მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას.

მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 14 მიმართულებით.

მგზავრთა მიმართ თანაგადახდა მარშრუტებს შორის განსხვავდება, ყველაზე მეტი 1 ლარია, ხოლო ყველაზე ცოტა 20 თეთრი, ცალკეულ შემთხვევებში კი მგზავრთა თანაგადახდა 0 ლარია.

პროგრამის განხორციელების ვადა მოქმედებს 2026 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები