თიბისი „კანის ლომები 2023-ის“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. საქართველოში ჩატარებულ წლევანდელ კონკურსში მონაწილეების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირველობისთვის ერთმანეთს 201 გუნდი ოთხ კატეგორიაში შეეჯიბრება, ესენია: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი და ფილმი.
კონკურსის თანახმად მონაწილე გუნდის ორივე წევრი ერთსა და იმავე კომპანიაში უნდა მუშაობდეს და მათი ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს. 48 საათში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეები და შექმნეს შემოქმედებითი ნამუშევრები. გამარჯვებულ გუნდებს ჟიური 6 მაისს გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს საქართველოს სახელით გაუწევენ კონკურენციას.
წელსაც, კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სხვების კრეატიული პოტენციალის გაღვივებაში.
საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი წელს მერვედ ტარდება. თიბისი კი 2016 წლიდან ამ ღონისძიების მხარდამჭერია. „კანის ლომები“ - ეს ის პროექტია, რომელიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, აძლევს საშუალებას მიიღონ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება, გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და თავიანთი პოტენციალი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანონ.
შემოქმედებითი ინდუსტრიის კონკურსების ჩატარება საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების განვითარებასა და შემოქმედებითი კულტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც თავის მხრივ, ქართველ ახალგაზრდებს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას უქმნის.
(NS)