მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი კაპიტალი მაკროეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს

მიმოხილვა
20.08.25 16:28
624

„თიბისი კაპიტალის“ უახლესი მაკროეკონომიკური მიმოხილვა მიუთითებს, რომ საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაციის გრძელვადიანი ტენდენცია კვლავ გრძელდება, თუმცა პერიოდულად მერყეობებს განიცდის. ანგარიშის მიხედვით, 2024-2025 წლებში დაფიქსირებული მასშტაბური კონვერტაციები ლარის კურსზე საგრძნობლად არ ასახულა, რაც ეროვნული ბანკის აქტიურმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა. შეფასების თანახმად, მიმდინარე პერიოდში ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები სრულად დასრულებული ჯერ არ არის და ეს გაცვლითი კურსის მხარდამჭერ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

"საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაციის გრძელვადიანი ტენდენცია გრძელდება. ამასთან, სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, ხშირად ადგილი აქვს მერყეობებს. საკუთრივ, ლარის გაუფასურების მოლოდინებისას, იზრდება დეპოზიტებში ვალუტის წილი და სესხებში, ტენდენციასთან შედარებითაც კი, ლარის წილი. ამასთან, ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სენტიმენტები იცვლება და უკვე, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებით ქცევას აქვს ადგილი.

სწორედ მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში. თუმცა ამჯერად, ორივე მიმართლებით საკმაოდ მასშტაბურ კონვერტაციებს ლარის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა არ გამოუწვევია, რაც სებ-ის ინტერვენციებმა განაპირობა. კერძოდ, თუ შარშან, მაისი-ოქტომბრის პერიოდში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვამ 875 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნოემბერ-თებერვალში უკვე 153 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა დაფიქსირდა, ხოლო მარტიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ჩვენი შეფასებით წმინდა შესყიდვა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ბოლოდროინდელ შესყიდვებში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების წვლილი მნიშვნელოვანი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ივლისის წინასწარი ინდიკატორი კვლავ უკეთესია. ასევე, ლარი/დოლარის წყვილის კუთხით, თავისთავად, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, დეპოზიტებისა და სესხების სხვადასხვა ანალიტიკური მაჩვენებლის გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ როგორც გაყიდვებში, ასევე შესყიდვებში, არსებით როლს სწორედ სავალუტო კონვერტაციები ასრულებს.

მთლიანობაში, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, რაც, გაცვლითი კურსის მხრივ, სადღეისოდ არსებული სენტიმენტების/მოლოდინების გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია,"- ნათქვამია "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები