თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.
თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია - რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი - 6.5%.
კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული შემოსავლების აღდგენით. ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა. საქართველოს ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ვაქცინაცია არათანაბრი ტემპით მიმდიარეობს - ისრაელში და ევროკავშირის ქვეყნებში პროცესი - სწრაფი, ახლო რეგიონის ქვეყნებში კი ნელი ტემპით. საქართველოში მოსახლეობის 5,6%-მა უკვე მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. 30%-ს კი გარკვეული ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს ვირუსის წინააღმდეგ.
ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება. ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაა მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი დოლარი/ლარის კურსს წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალში ვარაუდობს.
პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, გლობალურად, აქციების ფასების მიხედვით, სექტორების უმეტესობა ზრდას განაგრძობს. კრიზისამდელ დონეს მხოლოდ ავიაციის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები ჩამორჩება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს
შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.




























