მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიკარაძის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და არა - დამნაშავის ძიება

61c843e2b3cac
თელარა გელანტია
26.12.21 15:14
508
ჯანდაცვის მინისტრის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და არა დამნაშავის ძიება. ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ“ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად სრულად ითვალისწინებდა ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტების რეკომენდაციას ვაქცინაციის გააქტიურების მიმართულებით. 

საქმე ის არის, რომ როგორც #ForbesHealth-ში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ განაცხადა, საპენსიო ასაკის მოქალაქეების ფინანსური წახალისება არა შემოდგომიდან, არამედ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან იყო გათვალისწინებული და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მაგრამ მთავრობამ ეს არ გააკეთა და 200-ლარიანი ინსტრუმენტი მხოლოდ ნოემბრიდან ამოქმედდა.

„მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე“, - უთხრა მინისტრმა მედიას და იქვე დასძინა, რომ ახლა დამნაშავის ძიება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და მათ შორის ვაქცინაციის ნაწილს. ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული, თუმცა მე არაერთხელ აღვნიშნე და და ახლაც აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება გავაკეთოთ 60 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული, რომ მნიშვნელოვანია ავცრათ 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვას - ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოსახლეობის 60% ვერ აიცრა, მინისტრმა უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით ექსპერტებთან ერთად მსჯელობა გაგრძელდება, რადგან საკითხი მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს.

„ამ ეტაპისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, შედეგი დაიდოს და არ ვეძიოთ დამნაშავე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები