ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ინდუსტრიასთან გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა არა - სამუშაო ფორმატში.
„რამდენიმე პროფესიულმა ასოციაციამ სამინისტროს დიდი ხნის წინ მივმართეთ, თუმცა ამას სამუშაო ფორმატში კომუნიკაცია არ მოჰყოლია ანუ იყო რამდენიმე პრეზენტაცია, სადაც ამის საგნობრივი და საქმიანი განხილვა ვერ შედგებოდა“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ და დასძინა, რომ „სამინისტროს მხრიდან გამომჟღავნდა დამოკიდებულება, რომლითაც ჩანდა, რომ უწყებას პროცესში პროფესიული ასოციაციების ჩართვა აუცილებლობას არ მიაჩნდა.
"მსოფლიო გამოცდილება, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დამოკიდებულება, საწინააღმდეგოს მიუთითებს. პროფესიული ასოციაციების ჩართულობა, პირველ რიგში, პაციენტის უსაფრთხოების თავლსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ კალოიანი ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაციის ფორმას და ხარისხს უწუნებს, ის ღიად ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში, ფასების რეგულირება გარდაუვალი საკითხია და აქ თავს იჩენს სახელწიფოს, როგორც შემსყიდველის ინტერესი - შეზღუდოს დანახარჯი.
„ყველგან, სადაც არის ერთი გადამხდელის პრინციპი, აუცილებელია, ფასების რეგულირება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფო ნაკლებად თამაშობს მარეგულირებლის როლს და გვევლინება მომსახურების შემსყიდველად და შესაბამისად, სახელმწიფო, როგორც შემსყიდველი, დაინტერესებულია ნაკლები გადაიხადოს“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი და დასძენს, რომ „ერთი გადამხდელის პრინციპის პირობებში, სექტორში დამაბალანსებლად სწორედ პროფესიული ასოციაციები და მათ მიერ შემოთავაზებული კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები გვევლინება“.
ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ უახლესი გაიდალიანი, რომელიც კრიტიკულ მედიცინას ეხება, 2012 წლისაა, რაც მოძველებულია, რადგან იმ პერიოდის შემდეგ მედიცინაში მნიშვნელოვანი პროცესები წარიმართა და მიდგომები სტრატეგიულად შეიცვალა.
„დღეს ჩვენ გვსურს დავითვალოთ პროცესი, რომელიც განმარტებული არ გვაქვს“- აცხადებს კალოიანი და მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომ არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც, პირობითად, კარდიოქირურგიის და კარდიოქირურგის მოვალეობას განმარტავს.
„520-ე დადგენილება შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ეს არ არის გათვლილი და განსჯილი. ასევე, სამედიცინო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ შევცვალეთ თამაშის წესები, ცვლილებები კი მიდის დასჯის, შემცირების მიმართულებით. ამიტომ, ბიზნესს არ შეუძლია დაგეგმოს თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი განვითარება“, - დასძენს ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ: მთავრობის 520-ე დადგენილებას სამედიცინო ინდუსტრიის შეშფოთება და ხმაური მოჰყვა. ექიმები, კლინიკები და დარგობრივი ასოციაციები დადგენილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილითაც მიმართეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, საკითხი ღიაა და 520-ე დადგენილება 21 ნოემბრიდან ძალაშია.




























