TikTok-ი ამერიკაში რჩება - ეს, ალბათ, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის შესახებაც პასუხს მსოფლიო და, გამორჩეულად, ამერიკული მოსახლეობა განსაკუთრებით ელოდა. ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დონალდ ტრამპმა დაიწყო, სულ რამდენიმე დღის წინ თავადვე დაასრულა.
დასრულდა მადრიდში გამართული ამერიკულ-ჩინური სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში და დასრულდა ისეთი შედეგით, როგორითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. დღეს ჩემი საუბრის თემა სწორედ ტრამპისა და ტიკტოკის პრობლემური ურთიერთობის ისტორია იქნება. ისტორია, რომელშიც საბოლოოდ მაინც ტრამპმა გაიმარჯვა. თუმცა ვიდრე ამ ნაწილზე გადავალ, თავად გარიგების დეტალები უნდა გაგაცნოთ.
მოკლედ, TikTok-ი ამერიკაში დარჩება, თუმცა მისი გლობალური ვერსია, რომელსაც ჩვენ, ქართველები ვიყენებთ, 2026 წლიდან შტატებში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. შეთანხმების თანახმად, დარეგისტრირდება ახალი კომპანია, რომელიც TikTok-ის ამერიკულ ფრთას სრულად გადაიბარებს. მისთვის არამარტო ახალი ალგორითმი, არამედ მონაცემთა შენახვის ახალი სისტემა შეიქმნება. შესაბამისად, ჩინეთი ვეღარცერთი ამერიკელი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ვეღარ მიიღებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია დაპირება. შტატებისთვის შექმნილი TikTok-ის 80%-იანი წილის მფლობელი ამერიკული ტექ-გიგანტი, Oracle-ი და მის გარშემო შექმნილი კონსორციუმი იქნება. სწორედ Oracle-ი გადაიბარებს ამერიკული TikTok-ის ოპერირების საკითხს და ეს ყოველივე “ტეხასის პროექტის” ფარგლებში განხორციელდება. რაც შეეხება მართვისა და ზედამხედველობის ნაწილს, არსებული ინფორმაციით, კომპანიის დირექტორსა და მმართველი ბორდის წევრების ნაწილს ამერიკის ხელისუფლება დანიშნავს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ტრამპმა თავისი გაიტანა და მიაღწია იმას, რასაც ჯერ კიდევ 2020 წლიდან ცდილობდა. დიახ, სწორედ 2020 წლის 6 აგვისტოს გამოიცა პრეზიდენტის აღმასრულებელი დადგენილება, რომელიც ჩინურ ByteDance-სა და მის შვილობილ კომპანია TikTok-ს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის წარმოქმნილ რისკად აცხადებდა. შესაბამისად, გართობის ჩინური პლატფორმა სრულად უნდა დაბლოკილიყო. პრეზიდენტის თქმით, TikTok-ი ყველა ამერიკელი მომხმარებლის ინფორმაციას ინახავდა, მათ შორის მათსას, ვინც რეგისტრირებულიც კი არ იყო. შემდგომ ამ მოპოვებული მასალებით პიროვნების დახასიათებას ადგენდა და მიღებულ ინფორმაციას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას უგზავნიდა. ცხადია, ეს ნებისმიერ სახელმწიფოსათვის რისკს წარმოადგენს, რადგან არამარტო იმის ცოდნა, თუ რა გვქვია და რა ნომერს ვიყენებთ, არამედ იმისიც, თუ რა მოგვწონს და არ მოგვწონს, ვინ გვაღიზიანებს და გვამხიარულებს ან, თუნდაც როგორი პოლიტიკური შეხედულება გვაქვს, აჩენს ჩვენით მანიპულირების შესაძლებლობას. ხოლო ის, ვინც ინფორმაციის მასობრივად გავრცელებისა და გართობის იარაღს ფლობს, ეს ოქროს გასაღებია. გასაღები ნებისმიერი ადამიანის ტვინზე.
სწორედ ამის აღკვეთა სურდა ტრამპს 2020 წელს, თუმცა მაშინ მან დათქმულ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან შემოდგომაზე სასამართლომ დადგენილება არაკანონიერად გამოაცხადა. ამის შემდეგ იყო წაგებული არჩევნები და ბაიდენის ხელში აღმოჩენილი პროცესი, რომელიც 46-ე პრეზიდენტმა უფრო განაზოგადა და ყველა უცხოურ კომპანიას მოარგო. თუმცა აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ TikTok-ის ამერიკული ფრთის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი ტრამპის წინამორბედსაც მიუძღვის. სწორედ მისი მხარდაჭერით მოხერხდა კონგრესში იმ დადგენილების გატანა კონგრესში, რომელიც ByteDance-სს მკაცრ "დედლაინს" უწესებდა - 2024 წლის ბოლომდე მას TikTok-ი ამერიკული კომპანიისთვის ან სრულად უნდა მიეყიდა ან საერთოდ დაეტოვებინა ბაზარი. სწორედ ამ ეტაპზე გაჩერდა პროცესი, რადგან არჩევნები ტრამპმა ხელახლა მოიგო, აკრძალვის ძალაში შესვლის წინა დღეს კი თეთრ სახლში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა კონგრესის დადგენილება შეაჩერა.
შეაჩერა არა მისი არაკანონიერების მიზეზით, არამედ იმ მიზნით, რომ საკითხი დაანონსებული სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში ჩინეთთან თავად განეხილა და ის პირობები გამოევაჭრა, რომლებიც მისთვის იქნებოდა მისაღები. გავიდა რამდენიმე თვე და მოვედით ამ მოცემულობამდე. სულ რამდენიმე თვეში ამერიკა TikTok-ის გლობალურ ქსელს სრულად ჩაეხსნება. მისთვის ახალი აპლიკაცია შეიქმნება და შტატების მოქალაქეები უფრო უსაფრთხო და სანდო გახდება. ცხადია, ჩინეთი ამით ამერიკული მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დაკარგავს, თუმცა, ალბათ, რაც აქამდე გაიგო, არც ის არის ცოტა. რაც შეეხება თავად ტრიუმფის ავტორს, რთულია იმის პროგნოზირება, თავად როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ავტორიტარული იდეებისადმი არც ისე მწყრალად მყოფი ტრამპი. კაცი, რომელმაც ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.



























