წამყვანი ჩინური სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია FIFA პარტნიორები გახდნენ. არსებული ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანი TikTok-ის უზარმაზარ აუდიტორიაზე გასვლა და ჩემპიონატის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა იქნება.
როგორც ირკვევა, პარტნიორობის ფარგლებში TikTok-ზე მუნდიალის ექსკლუზიური მასალები, მათ შორის, ფეხბურთელებთან ჩაწერილი ინტერვიუები გამოქვეყნდება. ამასთან, შეიქმნება სპეციალური გვერდი, სადაც ერთგულ მაყურებლებს თამაშებზე დასასწრები ბილეთების მოგება შეეძლებათ. თავის მხრივ, სოციალური მედიის წარმომადგენლები აანონსებენ, რომ ტურნირის მიმდინარეობისას პლატფორმაზე მის მიმართ დაინტერესების ზრდას აუცილებლად შეუწყობენ ხელს.
შეგახსენებთ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ყურებადი ტურნირი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალყურს. მაგალითისთვის, გასული ჩემპიონატის ფინალს არგენტინასა და საფრანგეთს შორის პირდაპირ ეთერში მილიარდ-ნახევარი ადამიანი უყურებდა. FIFA-ს მიერ მთავარ მედია-პარტნიორად TikTok-ის არჩევა მიუთითებს, რომ არატრადიციული, სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამასვე მოწმობს ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილება, 2029 წლიდან სრულად გაწყვიტოს კონტრაქტი სატელევიზიო მაუწყებლებთან და კინოინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, ოსკარების დაჯილდოების ცერემონია Youtube-ის პლატფორმაზე გადაიტანოს.




























