ტეილორ სვიფტის სრული მუსიკალური კატალოგი TikTok-იდან წაიშალა - მას შემდეგ, რაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანია Universal Music Group-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ კომპანიას შორის ლიცენზიის შეთანხმებას ვადა გაუვიდა, მისი განახლების გარეშე კი UMG საკუთარი არტისტების მუსიკას TikTok პლატფორმაზე აღარ განათავსებდა.
აღსანიშნავია, რომ UMG-ის ლეიბლის ქვეშ, სვიფტთან ერთად, სხვა ცნობილი შემსრულებლებიც, მათ შორის ჰარი სტაილსი, დრეიკი, ადელი და სხვები ერთიანდებიან, თუმცა 2 თებერვლის მონაცემებით TikTok-იდან მხოლოდ რამდენიმე მომღერლის დისკოგრაფია გაუჩინარდა და არა - ყველასი.
Universal Music Group-ის ღია წერილში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ TikTok-თან ლიცენზიის განახლებაზე უარი განაცხადა, რადგან სოციალური ქსელის წარმომადგენლები მუსიკალურ კომპანიას, წინა კონტრაქტთან შედარებით, ნაკლებად მომგებიან პირობებზე დათანხმებას სთხოვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში TikTok-ის შემოსავლები მხოლოდ იზრდება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, TikTok-ის შეთავაზება არტისტებისთვის იმაზე ნაკლების გადახდას ითვალისწინებდა, ვიდრე სხვა მსხვილი სოციალური პლატფორმები. გარდა ამისა, UGM-ის ინფორმაციით, TikTok-იდან შემოსავალი მათი სრული მოგების მხოლოდ 1%-ია.
მუსიკალური კომპანიის საპასუხოდ კი TikTok-მა განცხადება გააკეთა, რომელშიც UGM-ს სიხარბეში ადანაშაულებს და შემსრულებლების ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. თუმცა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც Universal-ი ლიცენზიის გაგრძელებისგან თავს იკავებს, TikTok-ის პოლიტიკაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ახალისებს. პრობლემურია ვიდეო-პლატფორმის უსაფრთხოების სტანდარტებიც, რომელიც ბულინგის, სიძულვილის ენისა და შევიწროების შეზღუდვას ვერ უზრუნველყოფს.
ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება თუ არა TikTok-ს ცნობილი ჰიტები, ან რა ბედი ეწევათ ვიდეოებს, რომლებსაც ლიცენზირებული მუსიკის გამო ხმა სრულად გაეთიშათ.