ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი მოსმენაზე იბარებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორ შოუ ჟი ჩიუს, რომელმაც აპლიკაციის უსაფრთხოებასთან და მონაცემების დამუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით სავაჭრო კომისიის წარმომადგენლების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.
კონგრესმენები მოითხოვენ, რომ TikTok-ის დირექტორმა დეტალურად განმარტოს სოციალური ქსელის მფლობელობის სტრუქტურა და მონაცემების შენახვის, დამუშავებისა და გაზიარების პრაქტიკა.
რესპუბლიკელი სენატორის, მაკმორის როჯერსის განცხადებით, ჩინეთის მმართველ კომუნისტურ მთავრობას პირდაპირი წვდომა აქვს ამერიკელი მომხმარებლების პირდაპირ მონაცემებთან, რადგან TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ი დაფუძნებული, მისი სერვერები და მონაცემთა ბაზები კი პეკინშია ბაზირებული.
TikTok-ის წარმომადგენლობის განცხადებით, 23 მარტს ჩანიშნულ მოსმენაზე ჟი ჩიუ კონგრესმენების წინაშე წარდგება და ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მასშტაბით სახელმწიფო სტრუქტურებში ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება სრულად აიკრძალა. შეზღუდვა მოიცავს იმ კომპიუტერებს, სმარტფონებსა და პლანშეტებსაც, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები სამსახურს გარეთაც იყენებენ და უშუალოდ სამსახურშიც.
კანონმდებლების შეფასებით, TikTok-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული აპლიკაცია ჩინეთის დაზვერვის მიერ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე სათვალთვალოდ და შპიონაჟისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ჩინური კანონმდებლობა, რომელიც უკლებლივ ყველა ჩინურ კომპანიას, მათ შორის, ByteDance-ს ავალდებულებს - მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტებების გარეშე გადასცეს მომხმარებლის პირადი მონაცემები შესაბამის სამსახურებს. ამ კანონის გვერდის ავლის მექანიზმი კი ჩინურ კომპანიებს არ აქვთ, შესაბამისად, შპიონაჟის საფრთხის აღმოფხვრის გზა აპლიკაციის აკრძალვის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ TikTok-ის აკრძალვის რეალური მიზანი ამერიკული სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) ხელშეწყობაა, რაც კომპანია Meta-სა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აქტიური ლობირებითაა განპირობებული.