მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა Apple-ის აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, მან საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 88 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა, ამ ტრანზაქციის შედეგად კი მას 41 მილიონი დოლარი დარჩა, რა თქმა უნდა, გადასახადების გამოკლების შემდეგ.
საერთო ჯამში, ტიმ კუკი Apple-ის 3.3 მილიონ აქციას ფლობს, ამ აქტივის ღირებულება კი 565 მილიონ დოლარს შეადგენს.
ტიმ კუკი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირექტორია. მისი კანდიდატურა სტივ ჯობსმა დირექტორთა საბჭოს კომპანიიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე წარუდგინა. 2011 წელს საბჭომ ტიმ კუკი კომპანიის CEO-დ აირჩია, სტივ ჯობსი კი, ორ თვეში, პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.
ტიმ კუკის მოსვლით, Apple-ში ახალი ეპოქა დაიწყო, რაც ახალი პროდუქტების, მათ შორის, AirPods-ის, Apple Watch-ისა და საკუთარი წარმოების პროცესორების გამოშვებას უკავშირდება. ამასთან, ტიმ კუკის მმართველობის პირობებში, Apple-ი კაცობრიობის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციის $2-ტრილიონიან და შემდეგ $3-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.