ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა TIME-მა, რომელიც საინტერესო ანალიტიკურ მასალებთან და შთამბეჭდავ ყდებთან ერთად, რეიტინგებით და დაჯილდოებით არის სახელგანთქმული, 2024 წლის ადამიანად აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაასახელა. ეს სიმბოლური წოდება მილიარდერმა მეორედ მიიღო — პირველად, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად ჟურნალმა დონალდ ტრამპი 2015 წელს დაასახელა, როცა ის ქვეყნის პრეზიდენტად პირველად აირჩიეს.
როგორც TIME-ის რედაქტორები წერენ, წლის ადამიანის არჩევა, როგორც წესი, რთული პროცესია, რასაც გამოცემის დაჯილდოების 97-წლიანი ისტორია ცხადყოფს. თუმცა 2024 წელი, როგორც ჩანს, გამონაკლისი იყო, რადგან დონალდ ტრამპის პოლიტიკაში დაბრუნების და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ფონზე, ჟურნალის რედაქციას წლის ადამიანის წოდებისთვის შესაფერისი კანდიდატის არჩევა არ გასჭირვებია.
“მას შემდეგ, რაც 2015 წელს ის პირველად ჩაერთო საპრეზიდენტო კამპანიაში, არავის ჰქონდა ისეთი გავლენა პოლიტიკის და ისტორიის ჟამთასვლაზე, როგორც დონალდ ტრამპს. მან ბევრი ადამიანი გააოცა, როცა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თეთრ სახლში ადგილი დაიმკვიდრა. დონალდ ტრამპი აშშ-ის მმართველად ქაოსურ პერიოდში მოგვევლინა, როცა ქვეყანამ პანდემიის პირველი წელი და საყოველთაო ეროვნული პროტესტი გამოიარა, რაც არჩევნებში შვიდი მილიონი ხმით დამარცხებით და 2021 წლის ექვს იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმით დასრულდა. იმ დროს ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპის დასასრულს ვუყურებდით”, - ვკითხულობთ TIME-ის უახლეს ნომერში, რომლის გარეკანზე, სწორედ პრეზიდენტია გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ წლის ადამიანის გამოცხადების ტრადიცია ჟურნალმა TIME-მა 1927 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ეს სიმბოლური წოდება მაჰათმა განდიმ, დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა, გრეტა ტურნბერგმა და ილონ მასკმა მიიღეს.