„თინას სვანური მარილი“ წლის ბოლომდე გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ წარმოების დამფუძნებელმა, თინა ფარჯიანმა BM.GE – სთან განაცხადა.
ფარჯიანის ინფორმაციით, „თინას სვანური მარილი“ საოჯახო ბიზნესია, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში, მესტიაში, სოფელ ლატალში დაიწყო ოპერირება და მომხმარებელს, ადგილობრივი სუნელებისგან დამზადებულ, სვანურ მარილს სთავაზობს.
„ადგილობრივი სუნელებით, სვანურ მარილს ბებიაჩემის რეცეპტით ვაკეთებ. ნედლეული სრულად ადგილობრივი და სვანურია. ჩვენი სვანური მარილი იმდენად არომატული და გემრიელია, რომ პროდუქცია ძალიან მოსწონთ და მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, ონლაინ გაყიდვების საშუალებით ვახდენთ. მიწოდებას კი საკურიერო კომპანია ახორციელებს.
პროდუქცია ნახევარ და 1 კილოგრამიან კონტეინერებში მაქვს დაფასოებული. ნახევარ კილოგრამიანი სვანური მარილის ღირებულება 15 ლარი, ხოლო 1 კილოგრამიანის 30 ლარია.
ამჟამად, სვანურ მარილს მექანიკურ გასატარებელ მანქანაში ვატარებ და შემდეგ ვნაყავ. მექანიკური გასატარებელი მანქანით იმიტომ, რომ ელექტრო ხორცის საკეპი მანქანები სუნელების სიმწვავიდან გამომდინარე რამდენჯერმე გადამეწვა. ამიტომ, ვფიქრობ საგრანტო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მივიღო, რათა ისეთი საწარმოო მანქანა შევიძინო, რომელიც წარმოების პროცესს გამიმარტივებს და შემდეგ უკვე გაფართოებაც შესაძლებელი იქნება. ამ დრომდე, სატესტო რეჟიმში მქონდა ბიზნესი და ახლა, როდესაც უკვე ერთი წელი გავიდა, ვფიქრობ რომ ბიზნესმა გაამართლა, რადგან ამდენი ადამიანის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა“,-აცხადებს ფარჯიანი.