მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თინათინ ბერძენიშვილს საკუთარი თხოვნის საფუძველზე ხელფასი აღარ გაეზრდება - ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით თინათინ ბერძენიშვილს ხელფასი აღარ გაეზრდება.

2025 წლის 1 იანვრიდან თინათინ ბერძენიშვილის (დარიცხული) ხელფასი 12 500 ლარიდან 16 250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. გამოდის რომ მომავალი წლიდან ბერძენიშვილის ხელფასი კვლავ 12 500 ლარი იქნება.

როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა თავად ითხოვა, რომ ხელფასი არ გაზრდოდა.

„ჩვენ წინა სამეურვეო საბჭოზე გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი გაგვეზარდა, მაგრამ თავად თინათინ ბერძენიშვილი შემოვიდა წინადადებით, რომ ხელფასი არ გაზრდილიყო და ეს საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდება ხელფასების მატების ის ტენდენცია, რაც აღებული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რასაკვირველია, ყველას გვინდა, ხელფასი მეტი იყოს. ეს არ არის პირდაპირ სამეურვეო საბჭოს საქმე, მაგრამ, როგორც ვიცი, დაახლოებით, 450-ზე მეტ ადამიანს ემატება ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება ტალღისებურად, სეგმენტების მიხედვით, თავისი გრადაციით“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისთვის, 21 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს #586 გადაწყვეტილების მიხედვით, ცვლილება შევიდა 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და 2025 წლის პირველი იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 16 250 ლარის ოდენობით. საუბარია, დარიცხულ ხელფასზე, გადასახადების გარეშე.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2020 წელს აირჩიეს. მან პოსტზე ვასილ მაღლაფერიძე ჩაანაცვლა. იქამდე, ბერძენიშვილი მაღლაფერიძის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2025 წელს 101 მლნ ლარი იქნება, ანუ, ზუსტად იმდენივე, რამდენიც 2024 წელს არის.

ახლა, მაუწყებლის დაფინანსების გარდამავალი პერიოდია. გასულ წელს მიღებული კანონის თანახმად, შეიცვალა წესი, რომლითაც თითქმის 15 წლის განმავლობაში მაუწყებელი ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] არანაკლებ 0.14%-ით ფინანსდებოდა.

დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში [2024-2025 წლებში] მაუწყებლის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც 2023 წელსაა გათვალისწინებული, ანუ 101 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები