პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.
მან სიცრუე უწოდა განცხადებებს, რომ "ქართული ოცნება" ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს და თქვა, რომ მთავრობა ქართველი ემიგრანტებისთვის უამრავ პროექტს ახორციელებს.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი უნდა ჩამოვიდეს საკუთარ ქვეყანაში და რეალურად აღიქვას, რა ვითარებაა აქ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რა რაოდენობის სიცრუესა და ცრუ აღქმებში მოუხდა ჩვენს ქვეყანას ცხოვრება. ვხედავთ, რამდენი სიბინძურე მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედმა ძალებმა, ისე გარედან, სხვადასხვა ჯგუფებმა და აგენტურმა ქსელებმა. ყველას გვაქვს ფაქტები იმისა, თუ რამდენად დიდი ზეწოლა იყო ემიგრაციაზე, მათ შორის ბულინგი.
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა იმიტომ რომ ისინი ვეღარასდროს ვეღარ შეიყვანენ ქართულ საზოგადოებას შეცდომაში, განსაკუთრებით ემიგრაციას. თავიანთი "ბაბლები" ჰგონიათ მათ ჩვენი ემიგრაცია.. რეალურად ნახონ თუ რა ურთიერთობა აქვს კომიტეტის დონეზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, კულტურული მიმართულებით, საელჩოებს, საკონსულოებს ჩვენს ქართულ თემებთან. როგორი პოზიტიური დამოკიდებულებაა და რეალურად როგორ გრძნობს თითოეული ემიგრანტი ჩვენი გუნდის მხრიდან მუშაობას რომ მაქსიმალურად შეექმნათ პირობები საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისა. ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ ემიგრანტი დაბრუნდეს, ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად სტაბილური და მდგრადი. ამასაც ყველაზე კარგად სწორედ ჩვენი ემიგრანტები ხედავენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცხოვრობენ“, - აცხადებს კირცხალია.
17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს. ამის შესახებ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.




























