მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თითქმის შეუძლებელია, ბაზარზე კარგი ხორცი, რძის პროდუქტები ან ბოსტნეული იპოვო - რესტორატორი

რესტ

რესტორატორი მერიკო გუბელაძე BMG-ის ეთერში აღნიშნავს, რომ ქართული გასტრონომია მსოფლიო ასპარეზზე სულ ახლახან გამოჩნდა, თუმცა მას განვითარებისთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქტის სტაბილური მიწოდება სჭირდება, რაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

“ჩვენს სფეროს და სამზარეულოს რაც უჭირს, ეს არის პროდუქტი, რომელიც წლიდან წლამდე ფუჭდება, ცუდდება, ქრება, იკარგება და არ ვიცი, საერთოდ რა გველოდება წინ. დღეს თითქმის შეუძლებელია, კარგი ხორცი, რძის პროდუქტები, სუფთად მოყვანილი ბოსტნეული იპოვო ბაზარზე. ერთადერთი, რაშიც გვიმართლებს, სეზონური ხილი და ბოსტნეულია, და ისიც უნდა იცოდე, სად იყიდო, ძალიან რთული მდგომარეობაა.

ევროპაში 10-15 წლის წინ, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის პროცესში, როცა შემოვიდა ყველანაირი პროდუქტი ძალიან დიდი რაოდენობით, ყველა სეზონზე იყო სასუქით მოყვანილი ყველანაირი პროდუქტი - მერე ნელ-ნელა დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს, მიხვდნენ რა არის კარგი და ახლა, ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში ძალიან კარგი პროდუქტი აქვთ - იმედია, იგივე დაგვემართება ჩვენც”, - ამბობს რესტორატორი.

გუბელაძე აღნიშნავს, რომ პროდუქტის მოძიებაში პრობლემა როგორც სიძვირე, ისე არასტაბილურობაა. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პროდუქტის შემადგენლობის კონტროლის საკითხიც.

“ძალიან გვიჭირს პროდუქტის მოძიება. არც ვარ დარწმუნებული, რომ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი გვაქვს, მაგრამ ქართულ ბაზარზე რომ საუკეთესოა, ეს ნამდვილად ვიცი. ვიხდით ძალიან ძვირს, პროცესში კი ჩვენი სფეროს საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართულები, რომ ვიცოდეთ, ვის აქვს კარგი ხორცი, კარგი ყველი და ა.შ. მაგრამ ხარისხი არასტაბილურია.

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ იმპორტული, თურქული პროდუქტი ცუდია და ქართული ჯობია - არ ვიცი, ეს რამდენად მართალია. სხვა ქვეყნებში პროდუქტი ლაბორატორიულად მოწმდება სასუქის რაოდენობაზე, ჩვენთან არ ვიცი, რა ხდება ამ კუთხით. კონტროლი წესით არის, მაგრამ განსხვავებული ისტორიები მესმის”, - ამბობს რესტორატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები