მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თითქმის ყველა კლინიკაში ექთნის დეფიციტია“- ახალი სტანდარტი კლინიკებს ორ საწოლზე ერთი ექთნის ყოლას ავალდებულებს

ექთანი ფონეიდოსკოპით

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის რეანიმაციის ახალი სტანდარტი, რომელიც კლინიკებს  შესაბამის პირობებს უწესებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. ახალი სტანდარტი კლინიკებს ორ საწოლზე ერთი ექთნის ყოლას ავალდებულებს.

სანებართვო პირობების გარეშე კი კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება აღარ ექნება.

„საერთაშორისო სტანდარტებით,  რეანიმაციაში, ორ საწოლზე ერთი ექთანი უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მოთხოვნა როგორ შესრულდება ვერ გეტყვით, რადგან თითქმის ყველა კლინიკაში ექთნის დეფიციტია.

ექთნების სიმცირეს ძირითადად განაპირობებს ხელფასი. თუ ექთანს ნორმალური ხელფასი აქვს, ორგან ან სამგან მუშაობს და სამი ექთნის საქმეს ასრულებს. დღეს კლინიკებში 4-5 პაციენტზე მოდის ერთი ექთანი. 2 პაციენტზე 1 ექთანი არ მგონია,  რომელიმე კლინიკას ყავდეს.

არ ვიცი ჯანდაცვის სამინისტროს როგორი მიდგომა ექნება, მაგრამ ალბათ უნდა გაითვალისწინონ კადრების სიმცირე და მიზეზი არკვიონ, რატომ არ ინტერესდება ადამიანი, რომ იმუშაოს ექთნად.

ასევე აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რაც ჯერ სამინისტროს არ აქვს. რა მოცულობის სამუშაო უნდა შეასრულოს ექთანმა სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით, სანამ ეს არ დარეგულირდება, სტანდარტები ცოტა ნაადრევია. კი ბატონო რეანიმაციაში ორ პაციენტზე უნდა იყოს ერთი ექთანი, მაგრამ იქ უნდა იყოს გაწერილი მისი სამუშაოს მოცულობა. არის შემთხვევები, როცა განყოფილებას სანიტარიც არ ჰყავს და ექთანი სანიტრის მოვალეობასაც ასრულებს. ამასთან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაედინება ბევრი კარგი კადრი, რაც გულდასაწყვეტია“,-აცხადებს bm.ge-სთან მარიან სახვაძე, ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები