თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ჯგუფში ეს იყო განაცხადი.
"დღეს ფეხბურთელები დავინახე, რომელიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. სიახლეებს რაც შეეხება, დღევანდელ თამაშში კონტრშეტევებში ძალიან მაგრად ვიყავით და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს.
მწვრთნელმაც ძალიან კარგად და სწორად მოარგო დღევანდელი სისტემა. მარტო გაკვირვებული ვარ ამ ანგარიშით. ამ ჯგუფში ეს იყო განაცხადი - ანგარიშში ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ თვითონ თამაშზე ვაჯობეთ. იმხელა კლასი გვაქვს წინ, რომ დღეს თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ"- თქვა მან.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს.
მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.