მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თითქმის ყველა საინვესტიციო პროექტი გაჩერებული გვაქვს - ლევან ყარალაშვილი

ყარალაშვილი

თითქმის ყველა საინვესტიციო პროექტი გაჩერებული გვაქვს და ფოკუსს არსებული აქტივების შენარჩუნებაზე ვაკეთებთ, - ამის შესახებ „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.

როგორც ლევან ყარალაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში თქვა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე, მიმდინარე წლისთვის ჯგუფმა 50 მილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო გეგმა 2 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

ყარალაშვილის შეფასებით, პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ბიზნესსექტორში ახალი პროექტების განხორციელების მოტივაცია ნაკლებადაა.

“რა ბიზნესზე და ეკონომიკაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ყოველდღიური ახალი ამბავი, მესიჯი, რომელიც ქვეყნიდან გადის, არის მხოლოდ ნეგატივი და მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორ უხვევს საქართველო რეალურად იმ დემოკრატიული გზიდან, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაშენებდით ერთად. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მეორადია მაშინ, როდესაც ქვეყანაში უბრალოდ სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლები არის მოშლილი და ნორმალურად და ჩვეულებრივად ბიზნესის კეთებაც უკვე საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი ამბავი ხდება.

ჩვენი ჯგუფი ათეულობით ევროპელ, ფრანგ, ჰოლანდიელ, ბრიტანელ ინვესტორს აერთიანებს, ამ ხალხის ჯამური ღირებულება მილიარდებია და 300 მილიონზე მეტი დოლარია ინვესტირებული ჩვენი ჯგუფის მიერ ამ ქვეყანაში. დღეს აქედან ძალიან რთულია ვინმეს აუხსნა, დააჯერო, რომ ქვეყანაში ყველაფერი ნორმალურადაა და ელემენტარულად შენი ინვესტიცია დაცულია.

ჩვენი ჯგუფის შემთხვევაში თითქმის ყველა საინვესტიციო პროექტი გაჩერებულია, მაქსიმუმ ფოკუსს ვაკეთებთ არსებული აქტივების შენარჩუნებაზე და იმ მინიმალური ინვესტიციის გაკეთებაზე, რაც უბრალოდ მიმართულია, რომ არსებული სტატუსი და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. რეალურად, ზრდაზე და წინსვლაზე დღეს საუბარი არაა. ჩვენი ჯგუფის შემთხვევაში, დაახლოებით 50 მილიონი დოლარის [პროექტები] გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ახლა [გეგმები] 2 მილიონ დოლარამდეა დასული, რომელიც არსებული სტატუსის შენარჩუნებაზეა მიმართული”, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები