მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტკბილეული, რომელიც ექსპორტზე 12 ქვეყანაში ხვდება - "ნუგბარის" გეგმები და გამოწვევები

5ec901e22a7ec
ნუცა ბაზლიძე
23.05.20 15:55
3014
ქართული კომპანია "ნუგბარი", რომელიც, ამ ეტაპზე, 35 დასახელების ტკბილეულს აწარმოებს, ექსპორტზე 12 ქვეყანაში სტაბილურად არის წარმოდგენილი - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა მაცაცო გორდეზიანმა განუცხადა.

„ნუგბარი“ მომხმარებლებს ისეთ პროდუქციას სთავაზობს, როგორებიცაა: ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი. მაცაცო გორდეზიანის განმარტებით, „ნუგბარი“ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ყურძნის კონცენტრატს - ბექმეზს.

მაცაცო გორდეზიანის ინფორმაციით, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, „ნუგბარის“ პროდუქცია აშშ-ში, რუსეთში, ჩეხეთში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ბელარუსში, ჩინეთში, კორეაში, ისრაელში, უნგრეთში, პოლონეთსა და შოტლანდიაში იყიდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „ნუგბარი“ ე.წ კუნძულების საშუალებით წარმოდგენილია სავაჭრო მოლებში, 8 ლოკაციაზე, ასევე, საცალო მარკეტებსა და ისეთ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა: „ნიკორა“, „სპარი“, „კარფური“, „ფრესკო“, „გუდვილი“, „უნივერსამი“, ასევე, „დეილი“, „მეღვინეობა ხარება“ და „ვილმარტი“.

პანდემიის გავლენაზე საუბრისას, მაცაცო გორდეზიანი განმარტავს, რომ ამ პერიოდში, კომპანიას წარმოების შემცირება მოუწია, საგრძნობლად შემცირდა ბრუნვა, ასევე, დროებით დაიხურა მოლებში განთავსებული სავაჭრო კუნძულები, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ნუგბარის“ პროდუქცია „გუდვილსა“ და „უნივერსამში“, სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდა. გარდა ამისა, კომპანიას ექსპორტის თვალსაზრისითაც სირთულეები შეექმნა.

„ექპორტისთვის პრობლემა შეგვექმნა ტრანსპორტირების კუთხით, რადგან საგრძნობლად შემცირდა ფრენები და საავტომობილო გადაზიდვების რაოდენობა. გაძვირდა ტრანსპორტირება; ამის გამო, რამდენიმე პარტნიორმა, ჯერჯერობით თავი შეიკავა ახალი შეკვეთებისგან. ასევე, მოლაპარაკებები ახალ ქვეყნებში შესვლის თაობაზე, დროებით შეჩერდა, თუმცა ექსპორტთან დაკავშირებით, სამომავლოდ, კომპანიას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს“, - აღნიშნავს „ნუგბარის“ მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი.

ექსპორტზე საუბრისას, მაცაცო გორდეზიანი დასძენს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა, ქართული ტკბილეული დაბალი ცნობადობისაა, რაც, თავის მხრივ, კონკრეტული კომპანიისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს.

ცნობისთვის: „ნუგბარი“ 2015 წელს დაარსდა. კომპანიის პარტნიორები არიან ბიძინა ფხოველიშვილი, ბექა საბეკია და ეკა ბოქოლიშვილი. საწყის ეტაპზე, კომპანია კერძო ინვესტიციის საშუალებით ამოქმედდა, 2018 წელს კი წარმოება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით გაფართოვდა. პროდუქცია კახეთში, სოფელ საქობოში, კომპანიის კუთვნილ საწარმოში მზადდება. დღის განმავლობაში, საშუალოდ 3000 ერთეული პროდუქტის დამზადებაა გათვალისწინებული. მაცაცო გორდეზიანის განმარტებით, წარმოების მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპანია საშუალოდ 40-50 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები