თბილისში ახალი კონცეპტუალური სივრცე "სტუდიო 3.14" გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ ტკბილეულისა და ყავის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, არამედ მათ შესაძლებლობას აძლევს, ტკბილეულის მომზადების პროცესში თავად ჩაერთონ და საკონდიტრო ნაწამი ინდივიდუალური ხელწერით შექმნან.
"სტუდიო 3.14" ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ოპერირებს, 20 დეკემბერს კი ის ოფიციალურად გაიხსნება.
კაფეს კონცეფციის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში მისმა თანადამფუძნებელმა, ეკატერინე დავითმღვდლიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "სტუდიო 3.14"-ის გამორჩეული მახასიათებელი მისი ადგილმდებარეობა და აქ დამზადებული დესერტების გამორჩეული გემოვნური მახასიათებლებია.
"სტუდიო 3.14 გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ძველი ქარხნის ულამაზეს ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს არის საინტერესო მულტიფუნქციური სივრცე, სადაც თავს რამდენიმე სახელოვნებო ორგანიზაცია იყრის. რაც შეეხება "სტუდიო 3.14"-ს, ჩვენი სივრცე ძალიან დიდი არ არის, დაახლოებით 15-20 ადამიანის დატევა შეგვიძლია. მე და ჩემს პარტნიორს, ვისთან ერთადაც ეს სივრცე შევქმენი, ჩვენი საავტორო დესერტები გვაქვს წარმოდგენილი და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დააგემოვნებს. ჯამში დაახლოებით 5-6 დესერტი გვექნება, რა თქმა უნდა ყავასთან ან ჩაისთან ერთად", - აღნიშნავს ეკატერინე დავითმშვდლიშვილი.
როგორც "სტუდიო 3.14"-ის თანადამფუძნებელი განმარტავს, დესერტებს შორის ალუბლის ღვეზელი, ჩიზქეიქის რამდენიმე სახეობა, ტირამისუ, ლავა ქეიქი და მრავალფეროვანი ტორტები გაერთიანდება. მისივე განმარტებით, მომხმარებელს ტორტების შეკვეთასთან ერთად, მისი ადგილზე დაგემოვნებაც შეეძლება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და სწორედ მაღალხარისხიანი ნედლეულით ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო სივრცე მომხმარებლისგან გამოყოფილი არ არის, ამიტომ მათ შესაძლებლობა აქვთ, თავად ნახონ თუ როგორ ვამზადებთ პროდუქტს და რა ნედლეულს ვიყენებთ", - ამბობს "სტუდიო 3.14"-ის თანადამფუძნებელი.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, როგორც ეკატერინე დავითმღვდლიშვილი აღნიშნავს, სათითაოდ ყველა პროდუქციაზე ჯერჯერობით ფასი არ დადგენილა, თუმცა, ზოგად ჭრილში ამბობს, რომ დესერტების ღირებულება 10-დან 20-ლარამდე განისაზღვრება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად "სტუდიო 3.14" კულინარიით დაინტერესებულ პირებს ცოდნის შეძენისა თუ გაღრმავების მიზნით სხვადასხვა მასტერკლასს სთავაზობს. ამასთან, ბრენდი კომპანიებისთვის ქეითერინგის სერვისის მიწოდებასაც უზრუნველყოფს.