თბილისში თხევადი გაზის (LPG) ავტოგასამართი სადგურების მასობრივი დაჯარიმების პროცესი დაიწყო. სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2-3 აპრილს 20-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ჯარიმების ოდენობა კი 2 500-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.
გაზგასამართ სადგურებს მერიის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს თბილისის საკრებულოს დადგენილების არასწორ ინტერპრეტაციას.
თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნარიმან ფირცხელიანი BMG-სთან განმარტავს, რომ ინსპექტორები ეყრდნობიან თბილისის საკრებულოს დადგენილებას, რომელიც ფუნქციურ ზონებში სახიფათო მასალების განთავსებას ეხება, თუმცა მისი თქმით, ეს რეგულაცია თხევადი გაზის სადგურების სპეციფიკას არ ითვალისწინებს.
„მე ვფიქრობ, არსებობს გაუგებრობა, რომელიც გამომდინარეობს თბილისის საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილებებიდან. ამის მიხედვით, 2026 წლის პირველი იანვრიდან თბილისის გარკვეულ ფუნქციურ ზონებში არ უნდა ხდებოდეს ჯართის, ადვილად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსება-რეალიზაცია. აქ ნაგულისხმევია სხვადასხვა მასალა, მაგრამ საერთოდ არ არის განხილული თხევადი გაზის სადგურების არსი,“ - აცხადებს ფირცხელიანი BMG-სთან.
მისივე თქმით, ყველა ტიპის გასამართ სადგურს საკუთარი რეგლამენტი გააჩნია და მათი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება.
„არსებობს ძველი საბჭოური სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც ქალაქში საერთოდ ვერცერთი ტიპის სადგური ვერ განთავსდებოდა. თუმცა, მას შემდეგ შემოვიდა ამერიკული და ევროპული სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ქალაქში ბენზინგასამართი, ბუნებრივი გაზისა და თხევადი გაზის სადგურების მოწყობა. მერიის საკრებულოს დადგენილების ინტერპრეტაცია არის დასახვეწი და მოსატანი ინსპექტორებამდე, ვინც მონიტორინგს ახორციელებს",- ამბობს ნარიმან ფირცხელიანი.
ასოციაციის ინფორმაციით, 48 საათის განმავლობაში (2-3 აპრილს) დაწერილი ჯარიმების რაოდენობამ 20-ს მიაღწია. სანქციები სოლიდურია და ობიექტის მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება.
„ფუნქციური ზონების მიხედვით, ზოგიერთი ჯარიმა, 2 500-ლარიანია, ზოგი კი - 5 000-ლარიანი. ინსპექტორები შედიან სადგურებზე და ეუბნებიან მეწარმეებს, რომ რამდენიმე დღეში ობიექტი სხვა ადგილას უნდა გადაიტანონ. როცა მეწარმე კითხულობს, თუ რატომ არის თხევადი გაზი საფრთხის შემცველი, მაშინ როცა იქვე ბენზინისა და ბუნებრივი გაზის სადგურები ჩვეულებრივ მუშაობენ, პასუხობენ, რომ ბენზინი სხვაა და თხევადი გაზი - სხვა. სწორედ აქ ჩანს გაუგებრობა,“ - აღნიშნავს ნარიმან ფირცხელიანი.
დედაქალაქში LPG-ის სადგურების შესაძლო გაუქმებას ასოციაციის პრეზიდენტი სოციალურ დარტყმად აფასებს, რადგან თხევადი გაზი ბენზინთან შედარებით ორჯერ უფრო იაფია და მასზე მოთხოვნა მაღალია.
„თხევადი გაზი დღეს თუ ღირს 1.30 ლარი, ბენზინის ფასი 3 ლარზე ზემოთაა. ეს არის სოციალური პროდუქტი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დანაზოგის გაკეთებაში ეხმარება. ამ დარგის უკან დგას ათასობით და ათიათასობით დასაქმებული ოჯახი. ჩვენ არც განვიხილავთ ისეთ ვარიანტს, რომ სახელმწიფო ამას არ გაითვალისწინებს. ეს უბრალოდ არ ჯდება ლოგიკაში“,- აცხადებს ფირცხელიანი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, ზოგიერთმა მეწარმემ, დამატებითი ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, სადგურები საკუთარი ინიციატივით დაკეტა, ნაწილი კი მუშაობას განაგრძობს და ჯარიმებს სასამართლოში ასაჩივრებს.
2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის ახალი წესი ამოქმედდა, რომელიც თბილისის კონკრეტულ არეალებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის კრძალავს და წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაც ახალი სტანდარტით, 5-ჯერ მაღალია. ახალი მოთხოვნები უკვე გავრცელდა საბურავების რეალიზაციის სექტორზე - თბილისის გარკვეულ საცხოვრებელ ზონებში, მეორადი საბურავების რეალიზაცია შეიზღუდა - რეალიზატორებს კი, ალტერნატიული ფართების მოძიება მოუწიათ.




























