მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თხილის სექტორი დახმარებას საჭიროებს… მომავალ წელს შეიძლება ბაღების 20-30% გახმეს - მერაბ ჭითანავა

ფაროსანა

თხილის სექტორში პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ფაროსანა და თხილის ხმობით გამოწვეული პრობლემები, რამაც ფართობების 10% უკვე გაანადგურა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მცენარის პროფილაქტიკური წამლობა საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია ფერმერებს სახელმწიფომ დახმარება გაუწიოთ.

“საკმაოდ პოზიტიური სეზონი გვაქვს. თუმცა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სულ რამდენიმე წელია თხილის სექტორში გამოჩნდა და ეს არის თხილის ბუჩქების უეცარი ხმობა. ეს პრობლემა სამეგრელოს და გურიის ტერიტორიაზე ძალიან სწრაფად განვითარდა და დაახლოებით, შარშანდელი მონაცემებით, ჩვენი სექტორის 10% უკვე ინფიცირებულია ამ ბაქტერიით, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც საკმაოდ მძიმეა ფინანსურად და საჭიროებს გარედან მხარდაჭერას, იქნება ეს დონორი ორგანიზაციები თუ სახელმწიფო.

ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ფერმერები ასეთი ხარჯების გაწევას ფიზიკურად ვერ შეძლებენ და ეს შეიძლება დამღუპველად აისახოს მთელ სექტორზე და მომავალ წელს 10-ის მაგივრად გვექნას 20- 30%-იანი ხმობა.

ჩვენ წარვადგინეთ წინადადება და თხოვნა, რომ პრობლემა ერთობლივად გამოკვლეულიყო. გასული წლების განმავლობაში სამინისტროსთან ერთად ვატარებდით კვლევებს ამ ბაქტერიის იდენტიფიცირებისთვის, რაც დავამთავრეთ, სადღაც, ივლისის თვეში. სექტემბრის შუა რიცხვებში წარვადგინეთ პროექტი, ჩვენი მოსაზრება, თუმცა ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, შესაბამისად, ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ გვექნება რაღაც კომუნიკაცია ან ჩვენ თვითონ უნდა ვეძებოთ რაღაც სხვა გზები.

ძალიან ძვირად ღირებული პროცესია. პროფილაქტიკური სამუშაოები თხილის ბაღში ამ ხმობის პრევენციისთვის, მინიმუმ, საჭიროებს 1300–1500 ლარის სხვადასხვა სახის აგროქიმიკატებს. ოთხჯერ წამლობას. მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ დიდი ბიუჯეტია ფერმერისთვის. სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების მიმართ ღონისძიების გატარება, შესაბამისად, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ამ კუთხით”,- აცხადებს მერაბ ჭითანავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები