მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილის სექტორი პრობლემის წინაშეა" - ბაღების უეცარი ხმობის შესასწავლაში შესაძლოა, ტურინის უნივერსიტეტი ჩაერთოს

თხილი

თხილის უეცარი ხმობის გამო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კონსულტაციისთვის ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის პროფესორის ვლადიმირო გარნაჩას დაქირავებას გეგმავს. ამ მიზნით ცენტრი 15 000 ევროს ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში თხილის ხმობის პროცესზე დაკვირვება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და ნიმუშების აღებაც მოხდა.

"დაზიანებული მცენარეების ლაბორატორიული და მოლეკულური კვლევის შედეგად პირველადად დადგენილია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს ბაქტერიული დაავადებებით დაზიანებას. ზოგადად მსგავსი ტიპის ხმობის მიზეზი შესაძლოა იყოს რამდენიმე ტიპის თხილისათვის მახასიათებელი საშიში ბაქტერია, როგორიცაა Pseudomonas avellanae, P.Syringea, Xanthomonas arboricola pv. corylina და სხვა. 2024 წლის ოქტომბერში სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ და გავრცელებული იქნა რეკომენდაციების პაკეტი თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის. თუმცა, პრობლემის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პრობლემის გადაწყვეტისთვის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის ჩართვა, რომლებსაც გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ხელი მიუწვდებათ უახლესი ტიპის ლაბორატორიულ რესურსებსა და ანალიზებზე და ასევე ფლობენ მოცემული პრობლემის მართვის პრაქტიკას”, - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ირკვევა, რომ ასეთ პირად ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის პროფესორი შეირჩა, რომელმაც თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა. მისი ვიზიტი საქართველოში სექტემბერში იგეგმება.

“ტურინის უნივერსიტეტის კვლევითი მომსახურება მოიცავს, მათი წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში, პრობლემის წარმოშობის ადგილზე ნიმუშების აღებას და აღნიშნული ნიმუშების ანალიზურ დამუშავებას შემდგომ იტალიაში. ზემოხსენებული მომსახურების სრული სავარაუდო ღირებულება შეადგენს 15 000 ევროს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მიუთითებს, რომ თხილის ნარგაობის უეცარი ხმობის პერმანენტული პროცესი სამეგრელოსა და გურიაში, სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს საქართველოს თხილის წარმოების მთელ სექტორს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები