თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას აზრით, თხილის სექტორში მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, თუმცა უფრო ეფექტიანი მოდელით.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც განხილვის მთავარი თემა მომავალი წლიდან, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობა და გაუქმების გადაწყვეტილება იყო.
საქმე ის არის, რომ 2026 წლიდან, სახელმწიფო თხილის სუბსიდირების პროგრამას აღარ გააგრძელებს. 2023-2025 წლებში მოქმედი პროგრამა მცირე ფერმერებისთვის (0.2-დან 3 ჰა-მდე) აგროქიმიკატების შესაძენად ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას ითვალისწინებდა. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი დაიხარჯა.
2026 წლიდან "თხილის სუბსიდირების პროგრამა" უქმდება - რატომ? | რა პასუხი აქვს მთავრობას?
მერაბ ჭითანავას შეფასებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იყო „შრომის სტიმულირების მოდელი“, რომელმაც ფერმერებს ფინანსური კრიზისის დროს, 2021-2022 წლებში თხილის დაბალი ფასისა და მოსავლის შემდეგ, ბაღების მოვლის საშუალება მისცა.
მიუხედავად ამისა, ასოციაციის ხელმძღვანელი პროგრამის ეფექტიანობით კმაყოფილი არაა და აცხადებს, რომ ამიტომაც თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, წინა ორი წლისგან განსხვავებით, პროგრამის გაგრძელება არ მოუთხოვია.
„ვერ ვიტყვი, რომ არაეფექტიანი იყო. იმ დროს, როცა ფერმერს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მიეცა საშუალება, ბაღისთვის მოევლო; ვინც მოტივირებული იყო, მან კარგად გამოიყენა და საუკეთესო შედეგი მიიღო.
ჩვენთვის, პროგრამის ეფექტიანობის მთავარი ინდიკატორი ფერმერის ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა, [რატომ არის მნიშვნელოვანი ბაღების მოვლა-შეწამვლა] და არა მხოლოდ მოსავლიანობა და თხილის ხარისხი, რადგან შეიძლება ბაღს უვლიდე, მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა ხელი არ შეგიწყოს... მონაცემი გვაქვს ასეთი, რომ ფერმერების ჩართულობა ყოველწლიურად უფრო ნაკლები იყო“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ და არგუმენტად ფერმერების მიერ პროგრამის ფარგლებში გადაცემული ქულების/თანხების განაღდების სტატისტიკა და პესტიციდების რეალიზაციის შემცირება მოიყვანა.
მერაბ ჭითანავა მიიჩნევს, რომ თხილის სექტორში მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რესურსების გამოყენების მოდელი უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ ვართ აზერბაიჯანის და თურქეთის კონკურენტი ქვეყანა. იქ თხილის სექტორი სუბსიდირდება. ჩვენ მათთან ერთად ვყიდით პროდუქციას ევროპაში. ამდენად, თუ სახელმწიფო გამოყოფს რესურსს, ის უფრო ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული. ფერმერს 500 ლარს თუ მისცემ, ის არ გაიქცევა და არ შეწამლავს ბაღს, თუ თვითონ არ არის დაინტერესებული“, - ამბობს მერაბ ჭითანავა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თხილის მწარმოებელ მსხვილ მეურნეობებსაც, რომლებიც ასობით ადამიანს ასაქმებენ. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სხვადასხვა პროგრამის მიუხედავად, თხილის დარგში არაერთი გამოწვევაა და მათ შორისაა შეღავათიან კრედიტებზე ხელმისაწვდომობა საბრუნავი საშუალებებისთვის.




























