მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ტვირთების მობრუნებას მასიური ხასიათი მიეცა, კომპანიები კოტრდება - თემურ გოგია

თხილი

ევროკავშირის საზღვრიდან ტვირთების მასიური მობრუნება ქართულ კომპანიებს გაკოტრების, ათასობით ადამიანს კი უმუშევრობის საფრთხეს უქმნის - ამის შესახებ BMG-სთან „ქართული თხილის კორპორაციის” გენერალური დირექტორი თემურ გოგია საუბრობს.

მისი თქმით, პრობლემამ, რომელიც აფლატოქსინით (ობის სოკოს ტოქსინით) პროდუქციის დაბინძურებას უკავშირდება, მიმდინარე სეზონზე „მასიური ხასიათი“ მიიღო. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ზონიდან უკვე 20-მდე სატვირთო ავტომობილია მობრუნებული, რაც დარგისთვის კატასტროფულ ფინანსურ დარტყმას ნიშნავს.

„ერთი ტვირთის ღირებულება, 22 ტონის, შეადგენს დაახლოებით 750,000 ლარს. 750,000 ლარის უკან დაბრუნება - ეს ნიშნავს, რომ კომპანია პრაქტიკულად გაკოტრების რეჟიმში ექცევა. ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებული ეს თხილი ექვემდებარება განადგურებას ან უტილიზაციას. ეს უდიდეს ტვირთად აწვება კომპანიებს, რადგან ყველა აბსოლუტურად სესხებზე მუშაობს, საბანკო კრედიტები აქვთ,“ - ამბობს თემურ გოგია BMG-სთან.

მისივე თქმით, ზარალი მხოლოდ პროდუქციის ღირებულებით არ შემოიფარგლება. კომპანიებს უწევთ კოლოსალური თანხების გადახდა ლოგისტიკაშიც:

„4,000-4,500 ევრო ღირს ტვირთის გაგზავნა ევროკავშირისკენ, უკან დაბრუნება კი უკვე 6,000 ევრო ჯდება. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 10,000-11,000 ევროს მხოლოდ ლოგისტიკაში აგებს კომპანია ამ იქით-აქეთ სიარულში, პლუს 750,000 ლარის ღირებულების თხილი. ეს არის კოლოსალური თანხა” - აცხადებს გოგია.

მისივე შეფასებით, ქართულ და ევროპულ კონტროლის მექანიზმებს შორის შეუსაბამობაა. მისი მტკიცებით, საქართველოში ექსპორტის პროცესი ზედმიწევნით კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, თუმცა ევროპულ საზღვარზე მიდგომა რადიკალურად იცვლება.

„საქართველოში ექსპორტს ვერ განვახორციელებთ, სანამ არ მოვა სურსათის უვნებლობის წარმომადგენელი, სანამ არ აიღებს ნიმუშებს ისე, როგორც წერია დადგენილებაში. ეს ნიმუშები იგზავნება საერთაშორისო სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში, რომლებიც ევროპაშიც სანდოდ ითვლებიან. მხოლოდ დადებითი დასკვნის შემდეგ გვეძლევა ექსპორტის უფლება. თუმცა, როგორც კი ტვირთი ტოვებს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს დოკუმენტაციას ევროკავშირის საზღვარზე აღარ ცნობენ,“ - განმარტავს გოგია.

მისივე თქმით, პრობლემურია საზღვარზე ნიმუშების აღების წესი. გოგია მიიჩნევს, რომ მცირე ნიმუშის საფუძველზე მთლიანი პარტიის გამობრუნება უსამართლოა.

„იქ ხდება შერჩევითი შემოწმება. ჩემს შემთხვევაში, 100 კილოგრამიდან აიღეს მხოლოდ 4 კილოგრამი ნიმუში და ამის საფუძველზე მთლიანი ტვირთი მობრუნდა უკან. ეს კატასტროფაა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მთლიანი პარტია უნდა იყოს შემოწმებული და არა 22 ტონიდან აღებული მცირე რაოდენობა. მცირედან როცა ვიღებთ ნიმუშს, ალბათობა იმისა, რომ უარყოფითი შედეგი მივიღოთ, უფრო დიდია. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, არის თუ არა დასნებოვნებული თხილი, ჩვენ ვდაობთ იმაზე, რომ ნორმალურად იქნეს აღებული ნიმუშები იმ დირექტივების შესაბამისად, რომლებზეც ხელი გვაქვს მოწერილი.“

თემურ გოგია ხაზს უსვამს, რომ პრობლემა სცდება კონკრეტული კომპანიების ინტერესებს და დარგის, ისევე როგორც ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ამასთან, საფრთხის ქვეშაა დასაქმებაც.

„თითო კომპანიაში დასაქმებულია 30-დან 70-მდე ადამიანი. კომპანიების გაკოტრების შემთხვევაში, ეს ხალხი პრაქტიკულად უმუშევარი რჩება. ქვეყანაც ვერ იღებს შესაბამის შემოსავალს. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: ჩვენმა მთავრობამ ევროკავშირის სათანადო ორგანოებთან უნდა დააყენოს ეს საკითხი. მათ უნდა აუხსნან, რომ მოხდეს მთლიანი ტვირთის შემოწმება და არა ერთეული ნიმუშების. ეს მეთოდოლოგია საერთოდ არასწორია,“ - აცხადებს „ქართული თხილის კორპორაციის“ ხელმძღვანელი

თხილი საქართველოს ექსპორტში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2025 წელს საქართველოდან ექსპორტზე 171 მლნ 668 ათასი დოლარის ღირებულების 20 ათას ტონამდე თხილი გავიდა, რაც გასული წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები