მარტვილში მდებარე „ტობა ეკო სოფელი“ მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ეკო სოფლის თანადამფუძნებელმა აზა ნაჭყებიამ განაცხადა, ობიექტის ტერიტორიაზე ახალი ოდა სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ვიზიტორების მიღებას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს.
მისი თქმით, ახალი სივრცე ექვს სტუმარზე იქნება გათვლილი და სრულად აღჭურვილი ინფრასტრუქტურით მოემსახურება დამსვენებლებს.
"ოდა სახლის მშენებლობა მალე დასრულდება. დაახლოებით ერთ თვეში უკვე შევძლებთ ახალი ნაკადის მიღებას. ეს იქნება ექვს ადამიანზე გათვლილი სივრცე, ყველა საჭირო პირობით. ვფიქრობთ, ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მივიღოთ", - აცხადებს ნაჭყებია.
მისი ინფორმაციით, „ტობა ეკო სოფელში“ ტურისტული სეზონი მაისიდან აქტიურად დაიწყო და ზაფხულის თვეებისთვის ჯავშნების დიდი ნაწილი უკვე შევსებულია. "მაისიდან დაიწყო აქტიური დატვირთვა და ივნისი, ივლისი, აგვისტო თითქმის სრულად დაჯავშნილია. გვყავს კმაყოფილი სტუმრები და მოთხოვნა მუდმივად იზრდება", - ამბობს ის.
ნაჭყებიას ინფორმაციით, ობიექტს ძირითადად უცხოელი სტუმრები სტუმრობენ. განსაკუთრებით მაღალია ინტერესი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.
„ლაშქრობებზე, სათავგადასავლო და საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე უცხოელი ტურისტები ლიდერობენ და ძირითადი ვიზიტორები ევროპული ქვეყნებიდან გვყავს“, - აღნიშნავს ეკო სოფლის თანადამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, ახალი ოდა სახლის დამატების გადაწყვეტილება გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, რადგან არსებული 15-საწოლიანი სივრცე უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა სტუმრების რაოდენობას.
„ბევრი გიდი და ტურისტული ჯგუფი გვიკავშირდებოდა. მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ არსებული სივრცე აღარ იყო საკმარისი. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ერთ ადგილზე ვთავაზობთ სტუმრებს საცხენოსნო, საფეხმავლო და ჯიპ ტურებს, ასევე ავთენტურ მეგრულ სამზარეულოსა და კულინარიულ მასტერკლასებს“, - ამბობს ნაჭყებია.
მისი თქმით, სტუმრების მნიშვნელოვანი ნაწილი ობიექტს ონლაინ პლატფორმებზე განთავსებული მაღალი შეფასებების საფუძველზე პოულობს.
„ხშირად სტუმრები მხოლოდ Google-ის შეფასებებით გვპოულობენ. თუ ადგილზე თავისუფალი ნომერი არ გვაქვს, მათ სხვა საოჯახო სასტუმროებთან ვამისამართებთ. ფაქტობრივად, სეზონი როგორც ჩვენთან, ისე ბევრ სხვა ობიექტზე უკვე შევსებულია“, - აცხადებს ის.
აზა ნაჭყებია ასევე აღნიშნავს, რომ ტობა-ონიორეს (ბუნების ძეგლების კომპლექსი სამეგრელოში) ტერიტორია ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს ადგილობრივი პროდუქციით უმასპინძლდებიან.
"ლაშქრობიდან დაბრუნებულ სტუმრებს ადგილზე ხვდებათ ადგილობრივი რძის პროდუქტები, პური, ყველი, ელარჯი და სხვა ტრადიციული კერძები. ეს მათთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა და ხშირად აღნიშნავენ, რომ ტობა-ონიორე ის ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა და უცხოელმა უნდა ნახოს", - ამბობს „ტობა ეკო სოფლის“ თანადამფუძნებელი.




























