მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 7 ივნისს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება.
როგორც გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პირობებშია ნათქვამი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 11,928,092.00 ლარია, ხოლო თავად პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვე.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით, 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
შეგახსენებთ: მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობა-ვარჩხილის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა, რომელშიც 450, 759 ლარით კომპანია „აბსოლუტ სერვისმა“ გაიმარჯვა. მგფ-ში მაშინ თქვეს, რომ „აბსოლუტ სერვისმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.
2019 წლის იანვარში კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ტობავარჩხილამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა გადაავადა. მაშინ BM.GE-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, რომ იმ ეტაპზე პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
„ტობავარჩხილამდე 8 კმ-იანი გზის მიყვანის პროექტი დროში გადავადდა. საქმე იმაშია, რომ მდინარე ლუგელას ხეობაში შენდება ჰიდროელექტროსადგური, ამიტომ ამ ეტაპზე გზის გაყვანა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, ვინაიდან ჰესის სამშენებლო სამუშაოების დროს შესაბამისი ტექნიკის გადაადგილებამ და ა.შ. შესაძლოა, გზა დააზიანოს“, - განმარტეს ფონდში. საუბარი იყო ,,ხობი-2“-ის ჰიდორელექტროსადგურზე, რომელსაც კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აშენებდა.