მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება - პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი რუსთავი მაგისტრალი გზა ავტობანი

თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა გაგრძელდება - ამას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოები მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთს შეეხება და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარი იქნება.

საპროექტო სამუშაოები ფონიჭალის 3.3-კილომეტრიან მონაკვეთს უნდა შეეხოს, რომლის მშენებლობაც 2019 წელს შეჩერდა და დაკონსერვდა, რაც ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტსა და წინა სამშენებლო პროექტის გაუმართაობას უკავშირდებოდა. შესაბამისად, მთავრობამ მშენებლობის დაკონსერვებიდან 5 წლის გასვლის შემდგომ გამოაცხადა ტენდერი პროექტირების განახლებისთვის.

არსებული სიტუაციით თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზა იყოფა სამ ნაწილად:

I მონაკვეთი - თბილისიდან მარნეულის გადასახვევამდე;
II მონაკვეთი - მარნეულის გადასახვევიდან ფონიჭალამდე;
III მონაკვეთი - ფონიჭალიდან რუსთავამდე.

"I და III მონაკვეთებზე, რომელთა საერთო სიგრძე ჯამში შეადგენს 10.8 კმ-ს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა გზის მოდერნიზაციის სამუშაოები.

II მონაკვეთი გადის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე (ფონიჭალის მონაკვეთი, სიგრძე დაახლოებით 3.3 კმ) და მისი გამტარუნარიანობა დღის განმავლობაში შეადგენს მხოლოდ 7000-ს. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილდებიან დიდი გაბარიტის მქონე მანქანები, რაც პიკის საათებში ართულებს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-4) გზის გამართულად ფუნქციონირებას. I და III მონაკვეთების დაკავშირება ავტომაგისტრალით მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვის გასაზრდელად, კომფორტულად გადაადგილებისთვის, ხმაურის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა თბილის-რუსთავის გზის II მონაკვეთის მოდერნიზების აუცილებლობა I კატეგორიის 4 ზოლიანი გზით. თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის II მონაკვეთის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს I და III მონაკვეთების პარამეტრები და საპროექტო გადაწყვეტები უნდა ესადაგებოდეს მათ,"- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.

მეორე მონაკვეთის მშენებლობა კი 2019 წლიდან დაკონსერვებულია. უფრო მეტიც 2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პროცესის გაჭიანურების გამო დონორმა ორგანიზაციამ, აზიის განვითარების ბანკმა, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის შესაბამის სასესხო განაცხადის დახურვა მოითხოვა.

საერთო ჯამში, თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალი 17.4 კილომეტრზე იყო დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები