წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიება UFC 298-ზე, ორი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლები ვიხილეთ. დვალიშვილმა ორ გზის UFC-ის ჩემპიონი და 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა, ხოლო ილია თოფურიამ ავსტრალიელი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტში ჩააგდო და პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა ორგანიზაციის ისტორიაში.
შესაბამისად, ცვლილებები შეეხო ორივე ქართველის მდგომარეობას UFC-ის რეიტინგში. ჩემპიონობის შედეგად ილია თოფურია გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც წონითი კატეგორიებისგან დამოუკიდებელ რეიტინგში (P4P) შეაბიჯა და მეხუთე პოზიციაც დაიკავა. პარალელურად მისმა მეტოქემ ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ 4 პოზიციით უკან დაიხია და ამჟამად მეშვიდე პოზიციაზეა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ის საკუთარ სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის სიაში ერთი პოზიციით დაწინაურდა და პირველ ადგილზე აღზევდა, მასზე წინ მხოლოდ ჩემპიონი შონ ომალია, რომელიც ბრძოლას 9 მარტს რეიტინგის მეხუთე ნომერ მარლონ ვერასთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონობის მოპოვებით 350 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ეფექტური გამარჯვებისთვის დამატებით 50 ათასი დოლარი მიიღო, ხოლო მერაბ დვალიშვილმა გარანტირებული 105 ათასი დოლარის გარდა, გამარჯვების სანაცვლოდ ანალოგიური თანხა დაიმსახურა და ჯამში 210 ათასი დოლარი გამოიმუშავა.