მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაცხადა. მას საკლუბო დონეზე 1 ივნისს დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დარჩა სათამაშო, ხოლო სანაკრებო დონეზე საშინაო ევროპის ჩემპიონატი ექნება ჩასატარებელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან 34 წლის გერმანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა:
“2014 წლის 17 ივლისი - დღე, როდესაც მადრიდის “რეალში” ჩემი პრეზენტაცია შედგა. ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა, როგორც ფეხბურთელის და განსაკუთრებით, როგორც ადამიანის. ეს იყო ახალი თავის დასაწყისი მსოფლიოს უდიდეს კლუბში და სეზონის ბოლოს ეს თავი სრულდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას ვინც გულით მიმიღო, განსაკუთრებული მადლობა თქვენ გეკუთვნით - ძვირფასო, “მადრიდისტებო”, იმ სიყვარულისთვის, რასაც პირველი დღიდან გამოხატავდით. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩემი, როგორც აქტიური ფეხბურთელის კარიერა ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება. ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ჩემი გადაწყვეტილების მისაღებად სწორი დრო ვიპოვე. ჩემი ამბიცია ყოველთვის ის იყო, რომ კარიერა იმ დროს დამესრულებინა, როცა უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი. წინ მხოლოდ ერთი მიზანია - მოვიგოთ მე-15 თასი, ჰალა მადრიდ” - დაწერა კროოსმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.
ცნობისთვის, გერმანელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, რომლის მიხედვითაც წელიწადში 22 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კროოსი მიუნხენის “ბაიერნის” აღზრდილია და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული, ამას გარდა უთამაშია ლევერკუზენის “ბაიერში” და როგორც აღმოჩნდა “რეალი” მისი კარიერის უკანასკნელი კლუბი იქნება. გერმანიაში კროოსმა 10 ტიტული, ხოლო ესპანეთში 21 ტიტულის მოგება მოახერხა, 2014 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.