მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 მიმართულება - სად დაფრინავენ ყველაზე ხშირად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან?

TAV Georgia

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მგზავრი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა გადაიყვანა. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ სტუმრობისას ისაუბრა.

„მინდა სიამაყით ვთქვა, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ არის პირველ ადგილზე გადამზიდავებს შორის, მგზავრების 12% სწორედ ამ კომპანიას გადაჰყავს. მეორე ადგილზე 10%-ით არის „თურქეთის ავიახაზები“, ხოლო მესამე ავიაკომპანია არის თურქული „პეგასუსი“. Georgian Airways-მა თითქმის 338 ათასი მგზავრი გადაიყვანა. თურქეთის ავიახაზებმა თითქმის 317 ათასი“, - თქვა მან.

რაც შეეხება ტოპ-10 მიმართულებას, თეა ზაქარაძის ინფორმაციით, ყველაზე მეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგი მიმართულებებით დაფრინავენ: სტამბოლი, მოსკოვი, ბაქო, თელ-ავივი, დუბაი, შარჟა, მიუნხენი, დოჰა, თეირანი და ქუვეითი.

„ეს პირდაპირ გვაძლევს სურათს, თუ საით მიემგზავრება ხალხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან“, - თქვა ზაქარაძემ და დასძინა, რომ ავიაკომპანია sky ექსპრესი ათენის მიმართულებით იწყებს ფრენებს.

გარდა ამისა, ზაქარაძის თქმით, TAV Georgia გეგმავს, რომ მიმდინარე წელი 4.6 მლნ მგზავრით უნდა ჩახუროს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველთვის გამორჩეულია თავისი გადაზიდვებით და იმ ციფრებით, რომელსაც ვდებთ. ეს ციფრები არ იყო შთამბეჭდავი პოსტკოვიდურ პერიოდში, თუმცა წელს შთამბეჭდავია. აგვისტოში უკვე მოვემსახურეთ 524 ათას მგზავრს. წელს ჩვენ გვყავს 52 ავიაკომპანია და გვაქვს 64 მიმართულება. მგზავრთნაკადის მატება გვაქვს ნამდვილად, ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოსთვის 4.6 მლნ მგზავრით უნდა ჩავხუროთ. განსაკუთრებული მატება გვქონდა ივნისი-ივლისი-აგვისტოს თვეში, 2023 წელთან შედარებით. ჩვენ 125 აეროპორტს ვმართავთ და ასეთი მატება მხოლოდ რამდენიმე აეროპორტში დაფიქსირდა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ხდება ტურისტებისთვის დღითი დღე. დაინტერესებაა ახალი ავიაკომპანიების მხრიდან. ჩინეთზე მინდა ვისაუბრო, ის, რომ China Southern წლებია დაფრინავს ჩვენთან, და Air china გვემატება წელს უკვე შემოდგომიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ჩინელი ტურისტებისთვისაც საინტერესო გახდა საქართველო. იყო ჩარტერები კორეიდან“, - თქვა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები